logo
ENG



"წამლების სუბსიდირება, საპენსიო სესხის ჩამოწერა" - ერთიანობა - ენმ-ის პროგრამა

23 სექ 202411:04
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა თინა ბოკუჩავამ და გიორგი ვაშაძემ პენსიონერებთან დაკავშირებით მოძრაობის წინასაარჩევნო პროგრამაზე ისაუბრეს.

თინა ბოკუჩავას თქმით, არჩევნებში გამარჯვებისთანავე 1-ელ დეკემბრამდე ჩამოწერენ საპენსიო სესხებს, პენსია გაიზრდება 1 000-ლარამდე და მოხდება მედიკამენტების სუბსიდირება.

"დღეს პენსიონერები ჩვენი მშობლების თაობა, საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი არის ყველაზე დაუცველი. 400 ათასამდე პენსიონერს აქვს კაბალური პირობებით გამოტანილი საპენსიო სესხი. ჩვენ ვპირდებით პენსიონერებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, პირველ დეკემბრამდე, ჩვენ გავაუქმებთ საპენსიო სესხებს იმისთვის, რომ პენსიონერებს ოთხჯერ მაღალი საპროცენტო განაკვეთის გადახდა არ უწევდეთ, ვიდრე არის საბაზრო საპროცენტო განაკვეთი. იმისთვის, რომ პენსიონერებს ასე მძიმე ტვირთად არ დააწვეთ საპენსიო სესხები, ეს არის დიდი უსამართლობა, რომელსაც ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გავაუქმებთ ჩვენს კოალიციურ პარტნიორებთან ერთად.

მეორე დაპირება, რომელიც ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, არის პენსიების ზრდა. ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს კოალიციურ პარტნიორებთან ერთად იმისთვის, რომ პენსია გავზარდოთ 1000 ლარამდე. პენსია გავზარდოთ 1000 ლარამდე ასაკით პენსიონერებისთვის, ისევე როგორც შშმ პირებისთვის და ომის ვეტერანებისთვის. ეს არის საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც უნდა იყოს ყველაზე დაფასებული, დღეს კი ვხედავთ, რომ ჩინოვნიკები დღითი დღე მდიდრდებიან, საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები კი უკიდურეს სიღარიბეს ებრძვიან.

ჩვენი მესამე დაპირება პენსიონერებისთვის არის მედიკამენტების სუბსიდირება. რამდენჯერ გვინახავს პენსიონერი, რომელიც აფთიაქში შედის და წამალს ვერ ყიდულობს იმის გამო, რომ წამლების ფასები კატასტროფულად არის გაზრდილი, მაგრამ არ იზრდება შემოსავლები და არ იზრდება პენსია. ჩვენ გპირდებით, რომ პენსიონერებს აღარ მოუწევთ არჩევანის გაკეთება ყოველდღიურად მედიკამენტსა და საკვებს შორის. ჩვენ პენსიონერებს უნდა მივცეთ იმის გარანტია, რომ ყველა სარეცეპტო მედიკამენტებზე იზრუნებს სახელმწიფო. დიახ, ჩვენ დავუბრუნებთ ჩვენი მშობლების თაობას, ჩვენს პენსიონერებს ღირსეულ სიბერეს, ჩვენ დავუბრუნებთ ბავშვებს ლაღ ბავშვობას, ჩვენ გავამთლიანებთ ოჯახებს და უზრუნველვყოფთ, რომ დავაბრუნოთ იძულებით ემიგრაციაში მყოფი დედები, ბებიები, ქართული ოჯახები უნდა გამთლიანდეს, პენსიონერებს უნდა ჰქონდეთ ღირსეული სიბერე, ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ლაღი ბავშვობა და ამისთვის ჩვენ გვაქვს ერთი შანსი - ეს არის 26 ოქტომბრის არჩევნები. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს მოქალაქეები არჩევანს სწორედ ევროპულ კეთილდღეობაზე გააკეთებენ და უარს ეტყვიან სიღატაკეს იზოლაციაში", - თქვა თინა ბოკუჩავამ. 


close დახურვა