ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა, ანანო მელაძემ თეა წულუკიანს დავა მოუგო.
ინფორმაციას მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეროვნულ მუზეუმს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე და კომპენსაციის ანაზღაურება.
"თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე სოსო ღურწკაიამ 2024 წლის 25 სექტემბერს გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე ანანო მელაძე სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ, რომლითაც ძირითადად დაკმაყოფილდა ანანო მელაძის სარჩელი.
სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ანანო მელაძის სამსახურიდან გათავისუფლება და ბათილად ცნო ბრძანება, რომლითაც ანანო მელაძე სამსახურიდან გათავისუფლდა, ასევე ეროვნულ მუზეუმს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ამასთან ეროვნულ მუზეუმს ანანო მელაძის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება, ვინაიდან სასამართლო, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ჩატარებული მავნებლური რეორგანიზაციის შემდეგ, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ვერ დაავალდებულებს დასაქმებული აღადგინოს დაკავებულ თანამდებობაზე, რაც მუზეუმისთვის დიდი დანაკლისი იქნება. დიდ მადლობას ვუხდით, დაუღალავი და მაღალკვალიფიციური შრომისთვის, ჩვენ ადვოკატებს: სალომე სურმანიძეს, ნუცა ვარდენიძეს, ოთარ ხუციშვილს, დავით ომსარაშვილს
შეგახსენებთ, რომ ეს უკვე 30-ე სასამართლო პროცესია, რომელიც კულტურის სამინისტროს სისტემიდან უკანონოდ და რეპრესიულად გათავისუფლებულმა ადამიანებმა მოიგეს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წინააღმდეგ!
პროფკავშირი მიიჩნევს, რომ ამ წმენდის ყველა ორგანიზატორმა თუ თანამონაწილემ პასუხი უნდა აგოს ჩადენილ კანონდარღვევებზე და მათი სახელები უნდა იყოს საზოგადოებისთვის ცნობილი, რათა მომავალში დაცული ვიყოთ მსგავსი უსამართლობისგან"- ნათქვამია განცხადებაში.