logo
ENG



ცესკო არჩევნებისთვის 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანს გახსნის

26 სექ 202417:33
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/26/n2vhb380103hmcy.jpg

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისია 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანს გახსნის. აღნიშნული საკითხი ცესკოს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს, რომელიც ოპოზიციურმა წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ცესკოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, საკონსულო აღრიცხვაზე 65 508 საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე იმყოფება.

"მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ჩართული მხარე აქტიურად ცდილობდა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის საკითხის სამართლებრივიდან პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ცესკომ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ოფიციალური მონაცემების საფუძველზე პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები 42 ქვეყანაში შექმნა", - განაცხადეს ცესკოში სხდომის დასრულების შემდეგ. 

როგორც ცესკოში ამბობენ, საზღვარგარეთ იხსნება იმაზე მეტი უბანი, ვიდრე იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ასევე, იხსნება ისეთ ქვეყნებშიც, სადაც საარჩევნო უბნები არ იყო წინა საპარლამენტო არჩევნებზე, ან ზოგადად არც ერთ წინა არჩევნებზე. ეს ქვეყნებია: არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფინეთის რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა, იაპონია, ავსტრალიის თანამეგობრობა.

ცესკოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს ოპოზიციურმა წევრებმა. დავით კირთაძემ მედიასთან თქვა, რომ ცესკომ არაკანონიერი გადაწყვეტილება მიიღო.

"ვაგრძელებთ ყველანაირი კანონიერ ბრძოლას, რომ ამ ადამიანებს [ემიგრანტებს] არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ დაეკარგოთ", - განაცხადა მან.


close დახურვა