ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაციის საბჭომ ავტორიზაცია 1 წლის შემდეგ მონიტორინგის ვალდებულებით მიანიჭა.
ამაზე ფორმულასთან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ქეთი ცოტნიაშვილმა ისაუბრა და თქვა, რომ გადაწყვეტილება საბჭომ ექსპერტების დადებითი დასკვნის მიუხედავად მიიღო.
ის განმარტავს, რომ საბჭოზე განხილვის დროს ექსპერტთა დასკვნაზე კითხვები დაისვა, თუმცა არ გამოვლინდა დამატებითი გარემოება ან დარღვევა, რის საფუძველზეც საბჭოს ექსპერტთა შეფასების შეცვლა შეეძლო.
ქეთი ცოტნიაშვილის თქმით, საბჭოსგან ვერ მიიღეს პასუხი, რას ეფუძნებოდა ეს გადაწყვეტილება და რომელ სტანდარტში ჩამოაკლდა უნივერსიტეტს შეფასებები. აღნიშნავს, რომ კითხვაზე, რის საფუძველზე გაკეთდება მონიტორინგი, საბჭოსგან მიიღეს პასუხი, რომ ყველაფერი იქნება ასახული სხდომის ოქმში, რომელიც 2 კვირის ვადაში გამოქვეყნდება.
"კითხვა დაისვა, რის მიხედვით, რის საფუძველზე გაკეთდება მონიტორინგი და რომელ სტანდარტში შეიცვალა შეფასება, რაზეც თქვეს, რომ ეს ყველაფერი ასახული იქნება სხდომის ოქმში, რომელიც ვალდებულება აქვს ცენტრს, რომ 2 კვირის ვადაში გამოაქვეყნოს. ეს საბჭოზე არ გაჟღერდა, რომელ სტანდარტზე შეიცვალა შეფასება და როგორ, ასევე არ გაჟღერდა არანაირი არგუმენტი, რის საფუძველზე შეიცვალა ეს შეფასება, ნიშნავს, რომ ამ 2 კვირის განმავლობაში შეუძლია საბჭოს შეთხზას გარკვეული არგუმენტები და ამ 2 კვირის განმავლობაშიც კი შეცვალოს შეფასებები", - ამბობს ქეთი ცოტნიაშვილი.
თემაზე ცოტა ხნის წინ Facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა განათლების მკვლევარმა სიმონ ჯანაშიამაც, რომელმაც გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და ის პოლიტიკურ ზეწოლას დაუკავშირა.
სიმონ ჯანაშია აღნიშნავს, რომ რუსულ კანონზე სტუდენტებისა და პროფესორების მიერ ღიად გამოცხადებული პროტესტის შემდეგ, განათლების სამინისტრომ ხარისხის განვითარების ცენტრი დაემუქრა უნივერსიტეტებს, რომ მათ აკრედიტაციის პროცესში პრობლემები შეექმნებოდათ და ხელისუფლება ახლა ამ მუქარას ასრულებს.
მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებით ქართული ოცნება ცდილობს, დაატეროროს ახა მხოლოდ საზოგადოების თითოეული წევრი, არამედ ხელში ჩაიგდოს ის ინსტიტუციები, რომლებიც ჯერ კიდევ თავისუფალია.
"შარშან, ჯერ კიდევ პირველად როცა გამოიტანა რუსული კანონი ქართულმა ოცნებამ, მაშინ ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები ძალიან აქტიურობდნენ და ქართული ოცნებისთვის ასევე ძალიან მტკივნეული იყო ის, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, როცა ჩამოვიდა საქართველოში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა მას ილიას უნივერსიტეტში და იმ შეხვედრაზე ხელისუფლება არ მიიწვიეს, ამის შემდეგ ხელისუფლებამ დაიწყო ილიას უნივერსიტეტზე შეტევა - მაგალითად, მიუქციეს ახალგაზრდები რექტორს და დააბრალეს, რომ პანდემიის პერიოდში მან ზედმეტად ცოტა ფული დახარჯა საწვავზე, ასეთი აბსურდული რაღაც დაიწყეს.
მეორედ როცა გამოიტანეს რუსული კანონი, მაშინაც აქტიურები იყვნენ სტუდენტები და პროფესორების ნაწილმა ღიად გამოაცხადა მხარდაჭერა იმით, რომ სტუდენტებს უთხრა, რომ შეუძლიათ ლექციების გაცდენა და შემდეგ აუნაზღაურებდნენ, რასაც მოჰყვა ერთი მხრივ ის, რომ სამინისტრომ შეკრიბა რექტორების საბჭო და დააწერინეს წერილი, სადაც თითქოს უნივერსიტეტები ემიჯნებოდნენ ამ პოლიტიკას და ამ წერილს ილიას უნივერსიტეტმა არ მოაწერა ხელი.
ასევე, მაშინ მეორე რაც მოხდა იყო ის, რომ განათლების სამინისტრომ ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელობის და თანამშრომლობის გვერდის ავლით, ამ ცენტრის სახელით გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც დაემუქრა უნივერსიტეტებს, რომ მათ პრობლემები შეექმნებოდათ ავტორიზაციის თუ აკრედიტაციის პროცესში და პრინციპში ამ მუქარას ასრულებს ახლა სახელმწიფო და ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შიგადაშიგ ირაკლი კობახიძე იძახის ხოლმე, რომ პროფესორები პოლიტიკური ნიშნით არიან დანიშნულები უნივერსიტეტებში და მათი პრიორიტეტია მხოლოდ ორი უნივერსიტეტის - თბილისის სახელმწიფო და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტების განვითარება.
ამ კონტექსტში ამ გადაწყვეტილების მიღება ასეთი ფორმით გვაჩვენებს, რომ ქართული ოცნება ცდილობს, დაატეროროს არა მხოლოდ საზოგადოების თითოეული წევრი, არამედ ხელში ჩაიგდოს ის ინსტიტუციები, რომლებიც ჯერ კიდევ თავისუფალია. არა მხოლოდ ილიას უნივერსიტეტი, როგორც ერთ-ერთ ორგანიზაცია, არამედ მთლიანად უმაღლესი განათლების სფერო", - ამბობს სიმონ ჯანაშია.