logo
ENG



"ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე? ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა" - კობახიძის პრორუსული გზავნილები

27 სექ 202412:14
3 წუთის საკითხავი
 

სოხუმის დაცემის დღეს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ მორიგი პრორუსული გზავნილები გააჟღერა.

თავდაპირველად ჟურნალისტებმა კობახიძეს ჰკითხეს, თუ რატომ არ ახსენა მან გაეროში გამოსვლისას რუსეთი, როცა ოკუპაციაზე საუბრობდა, რასაც კობახიძემ "სამარცხვინო სპეკულაცია" უწოდა.

"ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!... როგორ გეკადრებათ, საუბარი იყო იქ ოკუპაციაზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე. ყველა თემაზე გვქონდა ჩვენ საუბარი ყურადღებით თუ უსმენდით. ტერიტორიები ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედერაციას, ყველამ ძალიან კარგად იცის. ეს ვერ ვაღიარებინეთ ევროკავშირს სხვათა შორის. რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20% - ეს არის ფაქტი. ეს არის სამარცხვინო სპეკულაცია", - თქვა კობახიძემ.

ამავე კონტექსტში კობახიძემ აგვისტოს ომზეც ისაუბრა და მის დაწყებაში კვლავ ყოფილი ხელისუფლება დაადანაშაულა:

"2008 წელს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, რაც მოგვიანებით აღიარა ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით. სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო და მერე ხელი მოაწერა დასკვნას, ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც წერია, რომ სააკაშვილის რეჟიმის თავდასხმას უპასუხა საპასუხო იერიშით რუსეთის ფედერაციამ... ომში დამნაშავე როგორ არ არის, [რუსეთმა] ოკუპაცია განახორციელა ჩვენი ტერიტორიების, მაგრამ ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა", - აღნიშნა მან.

***

26 სექტემბერს, პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ახსენა ოკუპაცია, თუმცა არ უხსენებია ოკუპანტი ქვეყანა - რუსეთი.

 

 


close დახურვა