logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "ღალატის რომანტიზება"

29 სექ 202418:11
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/29/rwf9qn4salvb57i.jpg

ძველი საბჭოური პროპაგანდის სტილში გამოფენილ საარჩევნო პროპაგანდისტულ ბანერებსა და ვიდეორგოლებზე თავის სამართლებლად, დემოკრატიული სამყაროსგან გარიყულმა და ხელჩამოურთმეველმა, ქვეყნის, ჯერ კიდევ მოქმედმა პრემიერ მინისტრმა თავი ასე იმართლა: ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ომის საშინელება შეგახსენოთ, რადგან "ომის რომანტიზებას" ეწევითო.

ეს ბრალდება მან დიდწილად კრიტიკულ მედიას წამოგვიყენა. არადა ვისაც ობიექტურობის ნატამალი შერჩენია - იცის: ყველა ჩვენი რეპორტაჟი სწორედ იმ საშინელებებს, ადამიანურ ტრაგედიებსა და ნგრევის მასშტაბებს აღწერს, რომელიც ომს, რუსეთის მიერ მის სამეზობლოში წამოწყებულ კიდევ ერთ ომს მოაქვს, ამჯერად უკრაინის მიწაზე.

უკრაინელები თავისი ქვეყნის თავისუფლების, ბუჩას მომწყობი არაადამიანებისგან ოჯახების გადარჩენის, მშვიდობისა და მომავლისთვის იბრძვიან. ბებერმა მანიაკმა მათ სხვა არჩევანი არ დაუტოვა. პირდაპირ ეთერში გამოაცხადა რომ უკრაინა, როგორც სახელმწიფო და უკრაინელები, როგორც ერი არ არსებობს. მისი შეკოწიწება ნაწილობრივ ლენინის და ნაწილობრივ ხრუშოვის დამსახურება ყოფილა და ეს "ისტორიული შეცდომა" უნდა გამოსწორდესო.

შინაარსობრივად იგივე აქვს ნათქვამი პუტინს საქართველოსა და მის სახელმწიფოებრიობაზეც: ქართული სახელმწიფო არ არსებობდა, მცირე საფეოდალოები "ავკრიფეთ" და ქართველები მერე იქცნენ ოსების და აფხაზების მჩაგვრელებადო.

მოკლედ პუტინს "თავისი ისტორია“ აქვს, რომელიც საბჭოთა კავშირის გავლენის სფეროში უპირობო დომინაციისთვის ფსევდოისტორიულ ჩარჩოში აქცევს ქართველის, უკრაინელის, ყაზახის, სომხის და სხვა ერებისა და სახელმწიფოების ბედს და ლპობის ფაზაში გადასული რაშისტული იმპერიის ფარგლებს მიღმა სუვერენული არსებობის ყოველგვარ პერსპექტივას უკლავს.

პუტინის რუსეთზე, როგორც ცივილიზაციის მტერზე, ომისა და ნგრევის წყაროზე საუბარი სწორედაც რომ ლოგიკური იქნებოდა ოკუპირებული ქვეყნის პრემიერმინისტრისგან სოხუმის დაცემის დღეს, გმირთა მემორიალთან საუბრისას. მაგრამ ნახეთ რა თქვა მან აფხაზეთში გმირულად დაღუპული გმირების ოჯახების წევრების მიერ დანთებული სანთლების ფონზე - ბრალდებით გამოვიდა - "ომის რომანტიზებას ნუ ეწევითო".

სინამდვილეში, ის, რასაც კობახიძე, კიდევ უფრო ზუსტად კი ივანიშვილი სეპარატისტებისადმი ბოდიშის მოხდის პოლიტიკითა და აგრესორისადმი სრული მორჩილების დემონსტრირებით ეწევა არის ,"ღალატის რომანტიზება!" და თუ რატომ - შორს ნუ წავალთ და მხოლოდ გასული კვირის 2 ყველაზე მნიშვნელოვან თარიღზე შევჩერდეთ, რომელსაც ქართული სახელმწიფოს, მართლმადიდებელი ეკლესიის, საქართველოს ხალხის და ქრისტიანი მრევლისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.

26 სექტემბერს შესრულდა 400 წელი ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი წმინდანის, დიდმოწამე დედოფალ ქეთევანის მარტვილობიდან, ხოლო 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, პატივი მივაგეთ სოხუმსა და აფხაზეთში დაღუპული უდანაშაულო ადამიანებისა და ქართველი გმირების ხსოვნას, ამ დღეს დახვრეტილი ეროვნული გმირების ჟიული შარტავას, გურამ გაბესკირიას და სხვათა სახით.

ორივე შემთხვევაში: საქართველოს ისტორიას, ეროვნულ ცნობიერებას, სახელმწიფო ინსტიტუტებს, ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას მკაფიოდ და უპირობოდ ჩამოყალიბებული და განსაზღვრული აქვს - რა უნდა ფასდებოდეს, ვინ უნდა მოიხსენიებოდნენ გმირებად და შერაცხულ იქნან წმინდანებად და ვის მაგალითს უნდა ვუსახავდეთ მომავალ თაობებს.

ივანიშვილისთვის და რუსული გზავნილებით მებრძოლი შულავერის კომიტეტის წარმომადგენელთათვის, ყველას, ვინც მტერს უპირისპირდება, მის აგრესიას წინ აღუდგება, საკუთარ მამულს, ეროვნულ იდენტობას, კულტურულ მემკვიდრეობას, სარწმუნოებას, ღირსებას, ოჯახის წევრების სიცოცხლეს, ცხოვრების წესს დაიცავს და ამისთვის თუნდაც სიცოცხლეს გაწირავს ,"ომის რომანტიზების" მცდელობაში უნდა დაედოთ ბრალი.

აბა სხვაგვარად როგორ გამოდის - დიდმოწამე ქეთევანს ერთი სიტყვით შეეძლო შაჰ აბასის გავარვარებული შანთები მისი უმანკო სხეულისთვის აერიდებინა და დანარჩენი ცხოვრება ,"მშვიდობასა" და სიამოვნებაში გაეტარებინა, ისევე როგორც გურამ გაბესკირიას საერთოდ არ ეთქვა ის სიტყვები არც ქართულად და არც რუსულად, რომ მტერს ზუსტად ის გაეგო მისსავე ენაზე, რისი თქმაც მას სურდა: - "ნიკაგდა ვჟიზნი", არასოდეს სიცოცხლეში და ამ სიტყვებით მარადიულობაში გადაებიჯებინა.

სინამდვილეში, რასაც ივანიშვილი FSB-ს დაპროგრამებული ბანდით საქართველოში აკეთებს სხვა არაფერია, თუ არა ღალატის რომანტიზება!

ის არის ქართველი ერის ეროვნული იდენტობის, ჩვენი კულტურული რაობის, ეროვნული გმირების, ქრისტიანული სიწმინდეების და მათი ღვაწლის - მათ მიერ ნაჩვენები მაგალითის წინააღმდეგ სვლა.

შეუძლებელია საქართველოში საქართველოს, ქართველობის და რწმენის ღალატის რომანტიზებამ გაიმარჯვოს! 

ომს რაც შეეხება - ომი ყველას გვძულს ავადმყოფი პუტინის და მისი კაციჭამიების გარდა. სწორედ ომის პრევენციის, ველურების დაოკების და ქართული სახელმწიფოს დესუვერენიზაციის შეჩერების გზა გადის ევროკავშირის წევრობასა და ცივილიზებული სამყაროს დაცულ ციხესიმაგრეში დროულ შეღწევაზე. კანიბალთან კაპიტულაცია კი არა - დემოკრატიების ძალაა და სამხედრო უპირატესობა, რაც ურდოს ინსტინქტებზე დასულ სიმახინჯეს აჩერებს და შეაჩერებს.

ომს 1993 წელს სოხუმი დაეცა სწორედ იმიტომ, რომ რუსულ იმპერიასთან ურთიერთობის გამოცდილების არმქონე, შემდეგში მწარედ იმედგაცრუებული ერეკლეს მსგავსად კვლავ რუსების "კეთილ განზრახვას", "ერთმორწმუნეობას" და ხელმოწერილ გარანტიებს ვენდეთ, ილუზიას, რომ ასე აშკარად უსამართლოდ, უღმერთოდ ფლიდად და ლაჩრულად არ იმოქმედებდნენ. მაშინ სოხუმი დაეცა იმიტომ, რომ საქართველო არ იყო საერთაშორისო რადარზე და აქ მიმდინარე მოვლენებისადმი ინტერესი მხოლოდ რუსეთს ჰქონდა. 2008 წელს სახელმწიფოებრიობის განადგურებას გადავრჩით იმიტომ, რომ მთელი მსოფლიო დაგვიდგა გვერდზე.

ახლა რასაც ივანიშვილის რუსული რეჟიმი აკეთებს: საქართველოს კვლავ იზოლაციაში მოქცევაა და თუ ეს ქართველობის წარმთმევი, იზოლაციონისტური რუსული რეჟიმი სასწრაფოდ არ ჩავაბარეთ ისტორიას, შედეგად აუცილებლად მივიღებთ სრულ დაუცველობას, დესუვერენიზაციას და სხვის, თან ყველაზე დიდი ბოროტების მხარეზე ომს.

იზოლაციისგან დახსნის, მეგობრების შენარჩუნების, მტრის იმპერიულ ნაწლავში საქართველოს მომავლის მონელებისგან თავის დაღწევის, ხანგრძლივი მშვიდობის და კეთილდღეობის გზა 26 ოქტომბერს თითოეულ ჩვენგანზე გადის. ამ დღეს გამოჩნდება ის, რამაც ეს პატარა ქვეყანა აქამდე მოიყვანა - რწმენა მარადიული საქართველოსი, რომელიც მტრის მიერ შემოჩეჩებულ ღალატის რომანტიზების იდეოლოგიას, როგორც საწამლავს ისე ამოარწყევს!


close დახურვა