ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ირწმუნება, რომ უცხოეთში დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას "კანონმდებლობა არ ითვალისწინებს" და პრობლემებზე საუბრისას "საზოგადოების შეცდომაში შეყვანაზე" მიუთითებს.
ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ ფორმულას ეთერში ისაუბრა.
კალანდარიშვილი ამტკიცებს, რომ "შესაბამისად დაინტერესებული პირები ემოციური პედალირებით ცდილობენ სხვა საკითხების გადაფარვას" და ამას "საფუძველს მოკლებულს" უწოდებს.
"სამწუხაროდ, ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც უცხოეთში იმყოფებიან, რიგ შემთხვევაში, პირდაპირ ვიტყვი, რომ განხორციელდა მათი შეცდომაში შეყვანა, ვგულისხმობ იმას, რომ კანონით არარსებული პროცედურების შესახებ ხდებოდა მითითება მათთვის, რომ თითქოს მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ არანაკლებ 50 ხელმოწერის შემთხვევაში მიემართათ კომისიისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის, მოეთხოვათ დამატებითი საარჩევნო უბნები, მაშინ, როდესაც არც ამ პროცედურას ითვალისწინებს, არც კანონმდებლობა ითვალისწინებს ამ ყველაფერს, არც საერთაშორისო პრაქტიკა ითვალისწინებს ასეთ შემთხვევას. [...]
ბოლო პერიოდში, ზოგზოგიერთდები აბსოლუტურად უაპელაციოდ და უსაფუძვლოდ ითხოვდნენ ისეთი ქმედებების განხორციელებას საარჩევნო ადმინისტრაციისგან, რომელიც ფაქტობრივად საკანონმდებლო პრეროგატივით აღჭურვაში მდგომარეობდა. [...]
ნუ გვაქვს მცდელობა, შესაბამის დაინტერესებულ პირებს, რომ ის საკითხები გადაიფაროს და რაღაც ემოციური პედალირებით, რომ თითქოს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს ინსტიტუცია, ცოტა არ იყოს, მოკლებულია საფუძველს. [...] ამ ყველაფერს სჭირდება არა ემოციები და სენტიმენტები, არამედ ამ ყველაფერს სჭირდება საკანონმდებლო მოცემულობა", - ამბობს გიორგი კალანდარიშვილი.
წამყვანმა ცესკოს თავმჯდომარეს სთხოვა დაზუსტება, რატომ არ გამოვიდა ცესკო შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით ამ საკითხზე, რაზეც გიორგი კალანდარიშვილი ირწმუნება, რომ უწყებას "საკანონმდებლო ინიციატივის უფლებამოსილება არ გააჩნია".
"საკანონმდებლო ინიციატივას, მანდვე სცდებით, როდესაც ცესკოს სთხოვთ, იმიტომ რომ ცესკოს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებამოსილება არ გააჩნია. არ გეგონოთ, რომ ხელ-ფეხ შეკრულები ვართ, ჩვენ შეგვიძლია საკანონმდებლო წინადადებით მივმართოთ იმ საკითხებზე, რომელიც უკავშირდება ადმინისტრაციულ, ტექნიკურ და პროცედურულ საკითხებს, მაგრამ თქვენ მიგყავთ ყველაფერი იქითკენ, რომ თითქოს საკანონმდებლო ორგანოში მიგვემართა ამ საკითხთან მიმართებაში...", - თქვა კალანდარიშვილმა.
***
მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსში ნებისმიერი ცვლილების მიღება მხოლოდ პარლამენტს შეუძლია, სპეციალისტები მიუთითებენ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამომრჩეველთა უპრეცედენტო აქტიურობის ფონზე უნდა გამოეჩინა კეთილი ნება და მიემართა ინიციატივით საკანონმდებლო ორგანოსთვის დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის თაობაზე.
საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები წინასაარჩევნო ბევრ სხვადასხვა პრობლემასა და ბარიერზე ჰყვებიან. ამ თემაზე უკვე რამდენიმე თვეა საუბრობენ არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც და კანონში არსებულ პრობლემაზე მიუთითებენ.
ცესკოს ახალი გადაწყვეტილებით, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის 60 უბანი გაიხსნება - 42 ქვეყანაში. 30 სექტემბერს ცესკოს სხდომაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ მათ 66 000-მდე ამომრჩეველზე მიაწოდეს ინფორმაცია, თუმცა საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე, სადაც საკონსულო აღრიცხვები წერია, საკონსულო აღრიცხვაზე მდგომი მოქალაქეების რიცხვი 130 000-ს აჭარბებს.
ემიგრანტები ცესკო-ს ამ მონაცემებს ეჭვქვეშ აყენებენ და აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნა დამატებით უბნების გახსნის შესახებ არ შესრულდა.
გარდა ამისა, საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით სასამართლოში 3 სარჩელი იყო შესული, თუმცა საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო განკარგულება, რომლის თანახმადაც საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება.