logo
ENG



ქართველმა მოჭიდავეებმა ტურნირში იასპარეზეს, სადაც ოკუპირებული რეგიონები ცალკე მონაწილეობდნენ

03 ოქტ 202410:46
3 წუთის საკითხავი
 

ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ვლადიკავკაზში გამართულ საერთაშორისო ტურნირში მიიღეს მონაწილეობა, სადაც როგორც დამოუკიდებელი ქვეყნების წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოჭიდავეებმაც. ძმებ ხადარცევების სახელობის ტურნირის ორგანიზატორი რუსეთის სპორტული ჭიდაობის ფედერაცია იყო.

ფედერაციის განცხადების მიხედვით, ტურნირში მონაწილეობას 20 ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა. ტურნირი 1-2 ოქტომბერს ჩატარდა.

ჩამონათვალში არიან: ოკუპირებული აფხაზეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, ბულგარეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, საქართველო, იტალია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, მონღოლეთი, რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი.

საქართველოდან ტურნირში მონაწილეების რიგებში არიან: 70 კგ წონით კატეგორიაში: ს.კობახიძე, 65 კგ წონით კატეგორიაში: ნ.ბეშიძე, 97 კგ წონაში: ლ. ბაზაძე.

ოკუპირებული აფხაზეთიდან: 70 კგ წონით კატეგორიაში: მ. კოკოსკერია, ლ. ძუკია, 65 კგ წონით კატეგორიაში: ი. კეტია, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან: 97 კგ-ში ს. ჯაგაევი, 92 კგ-ში გ. ჩერტკოევი.

ქართველი მოჭიდავეების ტურნირში მონაწილეობა სხვადასხვა ვიდეომასალებით დასტურდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ფორმულა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ტურნირში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ.

"ფედერაციიდან არავინ არაა გაშვებული. ფედერაცია საქმის კურსში არავის ჩაუყენებია. სავარაუდოდ საკუთარი ინიციატივით ეს რამდენიმე სპორტსმენი [წავიდა]. ჩვენც ვარკვევთ", - უთხრეს ფორმულას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. 


close დახურვა