logo
ENG



ზარქუა ელჩებზე: მესმის, რომ თქვენი აგენტურა აგებს, ამიტომ ჩაერთეთ წინასაარჩევნო კამპანიაში

04 ოქტ 202415:37
3 წუთის საკითხავი
 
ზარქუა ელჩებზე: მესმის, რომ თქვენი აგენტურა აგებს, ამიტომ ჩაერთეთ წინასაარჩევნო კამპანიაში

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა დასავლელ ელჩებს ქვეყნის შიდა საქმეებსა და არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა.

ზარქუამ ელჩებზე, რომლებიც შეშფოთებულნი არიან ქართული ოცნების არადემოკრატიული ქმედებებით და ამას ღიად აფიქსირებენ, თქვა, რომ ისინი "უტევენ ჩვენს ქვეყანას".

"მე მგონი, ამერიკის საელჩო და ევროკავშირის საელჩო აცნობიერებს რა, რომ ეს რადიკალები, უსამშობლოები, გარდა ნაცებისა, ვერ გადალახავენ ბარიერს, ამიტომ ასე ჩაერთნენ წინასაარჩევნო კამპანიაში. მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თვითონ ელჩი როგორც ერთი ქვეყნის, ისე მეორე ქვეყნის და დანარჩენები კიდე, ვინც არის მათი გაერთიანების საძმოს წევრი, უტევენ ჩვენს ქვეყანას. არადა კანონი ამბობს, რომ უცხო ქვეყნის ჩარევა შიდა საარჩევნო საქმიანობაში მიუღებელია. მოვუწოდებ ელჩებს, პატივცემულ საზოგადოებას, იქნებ გაიაზროთ, რომ თქვენი ეს ქმედებები არასწორი მიუღებელი უარგუმენტო განცხადებები და ქარდები, არაფერში წერია. გვესმის, რომ თქვენი აგენტურა აგებს, რომ თქვენს აგენტურას მხარდაჭერა არ აქვს საქართველოს მოსახლეობაში. ამიტომაც ხართ შეშფოთებული და აღშფოთებული და ჩართულნი ხართ თავიდან ბოლომდე წინასაარჩევნო კამპანიაში", - თქვა ზარქუამ.

აშშ-ის საელჩო ქართული ოცნების დეზინფორმაციის საპასუხოდ სოციალურ ქსელში საინფორმაციო ქარდებს ავრცელებს. წინა დღეებში საელჩოს ქარდები ბიძინა ივანიშვილისა და კრედიტ სუისის საქმეს და ცრუ განცხადებებს, რომ 2020 ISFED სახელმწიფო გადატრიალებას შეეცადა. 3 ოქტომბერს აშშ-ის საელჩომ მორიგი პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ "იზოლაციაში ქვეყნები ვერ ვითარდება. საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება".

დღევანდელი ახალი ქარდით კი საელჩომ თქვა, რომ დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ. 

პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის საელჩოს ქარდებს "გაუგებარი" უწოდა. მან ელჩ რობინ დანიგანს მოუწოდა, თავისი თანამშრომლების საქმიანობაში "ჩაიხედოს".


close დახურვა