ევროპარლამენტში საქართველოზე სესიის პარალელურად, რომელზეც საქართველოში დემოკრატიული პროცესების საფრთხეებს განიხილავენ, სტრასბურგში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები აქციას გამართავენ.
აქცია 8 ოქტომბერს, 11:30 საათზე გაიმართება. ემიგრანტების თქმით, საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დარღვევის, ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის შეზღუდვის ფონზე, ვალდებულები არიან მსოფლიოს გააგებინონ ქართველების მოთხოვნა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე.
"საქართველოში ირღვევა დემოკრატიული ღირებულებები და იზღუდება მოქალაქეების უფლებები, განსაკუთრებით ქართველი ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის პროცესში. ჩვენ ვალდებულები ვართ, მსოფლიოს გავაგებინოთ ქართველი ხალხის ხმა და მოთხოვნა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ. მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგში შექმნილი იყო ყველა იურიდიული პირობა არჩევნებისთვის უბნის გასახსნელად, ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რათა დაბრკოლება შეექმნა ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობაში .
საქართველოს მომავალი უნდა ეფუძნებოდეს ევროპულ ღირებულებებს. დავიცვათ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მომავალი!", - ნათქვამია განცხადებაში.
8 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. დღის წესრიგის თანახმად, სესიაზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი მოხსენებით წარდგება სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოა.
ბორელი წარადგენს მოხსენებას, სახელწოდებით "დემოკრატიული უკუსვლა და საფრთხეები პოლიტიკური პლურალიზმისთვის საქართველოში".
ევროპარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იგეგმება ამავე სახელწოდების რეზოლუციის მიღებაც.