logo
ENG



ევროპარლამენტში მომზადებულ ერთ-ერთ რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილის სანქცირების მოწოდებაა

07 ოქტ 202416:50
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/07/peh8k5o826wvrbw.jpg

9 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოზე რეზოლუციას მიიღებენ. რეზოლუციის ტექსტი ევროპარლამენტარების სხვადასხვა ჯგუფებს აქვთ მომზადებული, ჯამში, მომზადებული 7 რეზოლუციიდან - ზეგ, 10 ოქტომბერს 1 ვერსიას მიიღებენ.

რეზოლუციის ერთ-ერთ ვერსიაში, რომლის ინიციატორებიც, მათ შორის არიან პოლონელი ევროპარლამენტარი მალგოჟეტა გოშევსკა და ლატვიელი რიჰარდ კოლსი, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზეა საუბარი.

კერძოდ, მოწოდებაა საბჭოსა და EU-ის დემოკრატიული პარტნიორებისადმი, განიხილონ პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ "საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებასა და ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებების გამო".

რეზოლუციის ტექსტში მიესალმებიან აშშ-ის მიერ პერსონალური სანქციების შემოღებას ქართული ოცნების ოფიციალურ პირებზე და მოუწოდებენ ევროკავშირს, შემოიღონ ანალოგიური სავიზო შეზღუდვები მათ წინააღმდეგ, ვინც "მონაწილეობას იღებდა უცხოელ აგენტებზე კანონის მიღებაში", პარტიის სხვა მაღალი რანგის წევრების წინააღმდეგ, ასევე შეზღუდვები დაუწესდეთ მოსამართლეებს, რომლებსაც გამოტანილი აქვთ "პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენები".

რეზოლუციის ტექსტში ევროპარლამენტარები "კატეგორიულად გმობენ" ბიძინა ივანიშვილის პირად როლს "განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის ორგანიზებასა და ქვეყნის პროდასავლური ტრაექტორიის რუსეთის სასარგებლოდ სისტემურ საბოტაჟირებაში".

რეზოლუციის ტექსტში 26 ოქტომბრის არჩევნებზეცაა საუბარი და ნათქვამია, რომ არჩევნები იქნება "გარდამტეხი მომენტი, რომელმაც შესაძლოა, განსაზღვროს საქართველოს მომავალი ათწლეულების განმავლობაში.

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყონ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები საქართველოში იყოს დემოკრატიული, სამართლიანი და თავისუფალი და შეესაბამებოდეს იმ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელთა შესრულებაზეც საქართველომ ვალდებულება აიღო.


close დახურვა