საბერძნეთის დედაქალაქმა ათენმა 2024 წლის შემოდგომაზე ზიანის შემცირებისა და პასუხისმგებლიანი ინოვაციის საკითხებზე სადისკუსიოდ ინდუსტრიის წარმომადგენლებს, ექსპერტებს, მეცნიერებს, მარეგულირებლებსა და პოლიტიკოსებს უმასპინძლა.
კონფერენციაზე სადისკუსიო პანელში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ექპერტმა კლაივ ბეითსმაც, რომელსაც მუშაობის მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს როგორც საჯარო, ასევე კერძო და არაკომერციულ სექტორებში. წარსულში ის მუშაობდა Greenpeace-სათვის, აწარმოებდა თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების კამპანიებს, 2003 წლიდან კი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ტონი ბლერის სტრატეგიულ განყოფილებაში იკავებდა მაღალ საჯარო თანამდებობებს. 2013 წლიდან მან დააფუძნა საჯარო ინტერესის ადვოკატირებისა და კონსულტაციის პრაქტიკა სახელწოდებით Counterfactual, რომელიც მდგრადი განვითარების მიმართ პრაგმატულ მიდგომას ეფუძნება.
კონფერენციაზე გამოსვლისას კლაივ ბეითსმა ყურადღება გაამახვილა ზიანის შემცირების მიმართ არასწორ მიდგომებზე, რაც, საბოლოო ჯამში, საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე უარყოფითად აისახება. ბეითსმა აღნიშნა, რომ ადამიანების მიერ თამბაქოს მოხმარება მოცემულობა იყო და არის დღესაც, სხვა არც თუ ჯანმრთელი ნივთიერებების მსგავსად. ექსპერტის თქმით, მოცემულობად უნდა მივიღოთ ისიც, რომ მსგავსი ნივთიერებების მიღების სრულიად უსაფრთხო გზა არ არსებობს. ამიტომ, ამოცანა უნდა იყოს არა ბაზარზე არსებული მოთხოვნის უარყოფა, არამედ სვლა ზიანის შემცირებისკენ იმ დონემდე, რომელიც საზოგადოებისთვის დასაშვებ და მისაღებ რისკის ზონაში მოექცევა.
“ამ პროდუქტების არსებობას განაპირობებდა და განაპირობებს ის, რომ არსებობს მოთხოვნა, და ეს პროცესი უსასრულოდ გაგრძელდება მომავალშიც, როგორც მაგალითად ალკოჰოლის, კოფეინის ან სხვა ნივთიერებების შემთხვევაში”, - ამბობს ბეითსი.
იმის საილუსტრაციოდ, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკას არასწორი და დამაზიანებელი აქცენტები აქვს, კლაივ ბეითსმა წარმოადგინა აშშ-ში მოწევისა და ვეიპის მოხმარების 2023 წლის ოფიციალური სტატისტიკა.
სტატისტიკიდან ირკვევა, რომ აშშ-ში 18-24 წლის ასაკის მოსახლეობის მხოლოდ მცირე წილი - 2%-ზე ნაკლები ეწევა სიგარეტს, ასაკის მატებასთან ერთად კი ეს მონაცემი იზრდება და 55-64 წლის კატეგორიაში 14%-ს აღწევს.
შედარებისთვის, 2014 წელს 18-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში 13% სიგარეტის მწეველი იყო. 2024 წლისთვის ექსკლუზიურად სიგარეტის მწეველობა ამ ასაკობრივ ჯგუფში 87%-ით შემცირდა.
ამჟამად მომხმარებელი ახალგაზრდა პოპულაციის ნახევარზე მეტი სწორედ ვეიპის მომხმარებელია ისე, რომ არასდროს ყოფილა მწეველი. კითხვა შემდეგია - ეს წარმატებაა, თუ პრობლემა? ბეითსის თქმით, თუ ამ ადამიანებს “პრობლემად” განვსაზღვრავთ, ამით პრობლემას მხოლოდ გავამწვავებთ. ექსპერტი ფიქრობს, რომ ეს სინამდვილეში წარმატებაა, რადგან ნიშნავს, რომ 2014 წლიდან მწეველთა უდიდესი ნაწილი სხვა პროდუქტის მომხმარებლად გადაიქცა და ადამიანები აღარ იწყებენ სიგარეტის მოწევას.
ბეითსის აზრით, არასწორია, რომ მთელი პოლიტიკური ყურადღება ეთმობა ახალაზრდა პოპულაციას, რომელთა შორის ძირითადად მხოლოდ ვეიპის მომხმარებლები არიან, მაშინ, როცა ზრდასრულ მწეველთა რაოდენობა 15-ჯერ მეტია (2023 წლის მონაცემებით) - საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემა სწორედ სიგარეტის მწველთა ეს ჯგუფებია.
არასწორი ხედვის შედეგად, ბეითსის თქმით, “ვიღებთ სიგარეტის მსგავს აკრძალვებსა და რეგულაციებს ყველა პროდუქტზე. ამ რეგულაციებს ბაზარი ლეგალურიდან არალეგალურისკენ მიჰყავთ. აკრძალვის კამპანიების მიზანი არა მოწოდების შეზღუდვა, არამედ ლეგალური მოწოდების შეზღუდვაა”.
მაგალითად ბეითსი ასახელებს ავსტრალიას, სადაც გამორჩეულად მკაცრად რეგულირებული სისტემა და მარეგულირებელი ბიუროკრატიაა, თუმცა ბაზრის 93% არსებითად არარეგულირებული და უკანონოა. ექსპერტის თქმით, ანალოგიური სურათია ბრაზილიასა და ინდოეთში. მსგავსი პრობლემა დგას აშშ-შიც, თუმცა იქ ვითარება მცირედით გააუმჯობესა მეტი პროდუქტის ლიცენზირებამ.
ბეითსის აზრით, დროა, მიდგომები ფუნდამენტურად გადაიხედოს და წარსული ეპოქების უშედეგო ბრძოლა ჩანაცვლდეს ახალი პარადიგმით, როგორც სხვა დაშვებული სუბსტანციების შემთხვევაში.