ტელეკომპანია მთავარი არხი რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და მას დეზინფორმაციას უწოდებს. რუსთავი 2 ამტკიცებს, რომ მთავარ არხში უკანონო საფინანსო ტრანზაქციები ხორციელდება.
მთავარ არხში აღნიშნავენ, რომ არხის ერთ-ერთი დამფუძნებლი მიერ დანიშნული დირექტორის, გოგი ქურდაძის ბრალდებები ხელოვნური პრობლემების შექმნასა და მაუწყებლობის შეწყვეტას ემსახურება.
"სამწუხაროდ, არხის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ დანიშნული დირექტორის, გოგი ქურდაძის გამოგონილი ბრალდებები ემსახურება ერთადერთ მიზანს - ხელოვნურად შეუქმნას პრობლემები ქვეყნის ყველაზე გავლენიან კრიტიკულ არხს და, შედეგად, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შეწყდეს მისი მაუწყებლობა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ოცნების რუსული რეჟიმის ინტერესებს ემსახურება.
გოგი ქურდაძის წერილში გაჟღერებული ცრუ ბრალდებები იმდენად აბსურდულია, რომ არც კი იმსახურებს არხის და ჩვენი მაყურებლის დამატებით ყურადღებას.
ამდენწლიანი ბრძოლის შემდეგ ქართული ოცნება მთავარი არხის ერთ-ერთი დამფუძნებლის წარმომადგენლის ხელითაც ვერ მიაღწევს მიზანს და ვერ გაგვაჩერებს. ჩვენი გუნდი მტკიცედ და შეუპოვრად გააგრძელებს საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლას და ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვებს საბოლოო გამარჯვებას", - აღნიშნულია არხის განცხადებაში.
რუსთავი 2-მა 15 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოიპოვეს გოგი ქურდაძის საჩივარი ეროვნული ბანკის მიმართ, რომელშიც, მათი მტკიცებით, არხის უკანონო ოპერაციებზეა საუბარი.