logo
ENG



ლილუაშვილის მტკიცებით, სუს-ის განცხადება AI ჩანაწერებზე "პრევენციისთვის" გაკეთდა

17 ოქტ 202415:09
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის მტკიცებით, სუს-ის გუშინდელი განცხადება AI ჩანაწერებზე "პრევენციისთვისაა".

ლილუაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას ირწმუნება, რომ ამ განცხადებით უწყებამ ის ადამიანები გააფრთხილა, ვინც "ამაში არიან ჩართულები".

"ეს გაკეთდა პრევენციისთვის, გასაფრთხილებლად იმ ადამიანებისთვის გაკეთდა, ვინც ამაში არიან ჩართულები, რომ თუკი ისინი გადაკვეთენ კანონით გათვალისწინებულ წითელ ზღვარს, რასაც კანონდარღვევა ჰქვია, გატარდება შესაბამისი ღონისძიებები. ეს იყო გაფრთხილება, რომ უფრო სიფრთხილით მოეკიდონ" - თქვა ლილუაშვილმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა ჩანაწერებმა გაჟონა სუსიდან, ლილუაშვილი ამტკიცებს, რომ ეს ჩანაწერები სუს-იდან არაა.

"სუს-იდან არაა ეს ჩანაწერები, არის იმ ჯგუფებიდან, რომლებიც შეეცდებიან დისონანსის შეტანას ყოველდღიურ მშვიდობიან თანაცხოვრებაში"- თქვა ლილუაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, არჩევნების წინა დღეებში "პოლიტიკურ წრეებთან დაახლოებული ჯგუფები" ფალსიფიცირებული აუდიო და ვიდეოჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ, რომლებიც ხელოვნური ინტელექტისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება დამონტაჟებული. როგორც სუს ირწმუნება, ჩანაწერებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება იქნება გამოყენებული.

უწყებაში ამბობენ, რომ ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანი არის ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, აგრეთვე ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება. ამასთან, ჩანაწერებს საზოგადოებას წარუდგენენ, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ ინფორმაციას.


close დახურვა