logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ევროკავშირი, ანუ საქართველო თუ რუსეთი?!

20 ოქტ 202422:16
3 წუთის საკითხავი
 

ევროპასა და რუსეთს შორის არჩევანის რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებამდე 5 დღე დარჩა. რადგან დროების ფორმატის არჩევნებამდელი ბოლო გამოშვებაა, თან რამდენიმე მნიშვნელოვან თემას გამოვეხმაურები, თან ჩემს საარჩევნო გზავნილსაც გაგიზიარებთ.

დაწყებით კი 12-წლიანი უწყვეტი და შეუზღუდავი მმართველობის ბოლოო დღეებში, ივანიშვილის მიერ, წარმოშობით საჩხერელი და ისე დიდი ქართველი პოეტის მუხრან მაჭავარიანის ყოვლად უნიჭო და წინააღმდეგობრივი შემოხიდების მცდელობას გამოვეხმაურები.

რუსეთუმე მმართველის მიერ დიდი მუხრანის ერთ-ერთი ლექსის ნაწყვეტის უკონტექსტოდ შემოჩეჩებამ, ზოგ ჩემს მეგობარს, ასევე საჩხერელი, აკაკის ოდნავ არაკორექტული ნაკვესი გაახსენა:

"ვიყავ რუსეთში, ვნახე ვაკენი,
ქალნი უნიფხვო, კაცნი მაკენი.
ვაი ჩემო საფიქრალო,
ვაი ჩემო მასრა-მაქო?!
მე იმ კაცის დედა მოვ@ყან,
ვინც პირველად რუსი აქო!"

მაგრამ მივუბრუნდეთ დიდ მუხრანს და მის სათქმელს. აი მუხრან მაჭავარიანის პოეზიას თუ იცნობ, თუნდაც მხოლოდ სასკოლო სახელმძღვანელოს დონეზე, საერთოდ რანაირად უნდა მოგივიდეს თავში კაცს, ან ქალს, ზუსტად არ ვიცი გამოსვლის ტექსტებს ვინ უწერს ბატონ ბიძინას, რომ ჯერ ქართველების გარუსებისა და გადაგვარების საფრთხესთან მებრძოლი ერთ-ერთი ყველაზე ხმალამოღებული ქართველი პოეტი რუსი ოკუპანტებისა და სეპარატისტებისათვის ბოდიშებად დაღვრილი და ეროვნულ თავმოყვარეობასა და ისტორიულ სამართლიანობაზე უარისმთქმელი კაცის საარჩევნო ნარატივში ჩააკვეხო. 

კარგი - დავუშვათ არც ქართული პოეტების შემოქმედებას, არც მათი პოეზიის გამჭოლ სათქმელს იცნობ, მაგრამ ვინმე გჭირდება, რომლის ავტორიტეტის ჩრდილშიც, იმერეთში სიტყვით გამოსასვლელი ბიძინას უკან მოკაშკაშე რუსული მზე ხალხს თვალებს არ მოჭრის, მაგრამ ეს კონკრეტული ლექსი ხომ მაინც უნდა წაიკითხო... თავიდან ბოლომდე წაიკითხო... პატარაა... დიდი ტექსტების კითხვა რომ გეზარებათ თქვენ და თქვენს პატრონს გავიგეთ... მაგრამ ძალიან პატარა ლექსია. ნაწყვეტი, რომელიც ივანიშვილს ქუთაისში წააკითხინეთ, შემდეგნაირად გრძელდება და სრულდება:

"..სულს მივცემ ჩემსას
მე იმას მარტო, –
რომელსაც ვატყობ! –
კოჭებში ვატყობ! –
არის ყველაფრით
ყოველმხრივ სანდო
და საქართველოს
იმნაირს ნატრობს,
ნატრობს
როგორსაც
ქართველი
მარტო!
სულს მივცემ ჩემსას
მე იმას მარტო, –
ვინც უწყის:
ტატომ ღაღადყო რატომ:
სახელმწიფოთა შორის ერთობას
(ესეც ღვთის ნება არის, ეტყობა!)
სარწმუნოება
არ ყოფნის
მარტო!
სულს მივცემ ჩემსას, –
ერთი სიტყვით, –
მე იმას მარტო,
ვინც იცის:
გაჩნდა
ქართველად
რატომ!"

ტატო ვინ არის თუ გაგიგიათ? რამე თუ წაგიკითხიათ? ის თუ გაიგეთ და გახსოვთ - რუსეთის მიერ ქართული სამეფოების შთანთქმაზე რა აზრის იყო? აბა ახლა მაინც თუ მიხვდებით მუხრანი რატომ ახსენებს? ქართველად ვის მივიჩნევ და სულს ვის მივცემო? აბა დააკვირდით მინიშნებას - "ტატომ ღაღადყო რატომ:

სახელმწიფოთა შორის ერთობას სარწმუნოება არ ყოფნის მარტო!" ანუ ერთმორწმუნეობას რა თავში ვიცემთ, თუ აღარც სახელმწიფო შეგვრჩა და აღარც ქართული ღირებულებებიო... ამას ამბობს მუხრანი, ანუ იმის სრულიად საპირისპიროს, საითკენაც ბიძინას უნდა რომ წაგვიყვანოს.

ამ შეკრებას კიდევ მივუბრუნდები, მანამდე ნოდარ მელაძის შაბათში, ჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილის ძალიან საინტერესო სიუჟეტში გასული ერთი ინტერვიუს ნაწყვეტი. ჟურნალისტი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირს კანონმდებლობის უხეშ დარღვევებზე, მათ შორის მომიტინგეების მიმართ უხეში და არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე, პოლიტიკური ოპონენტების პერსონალურ გატაცებასა და ცემაზე, მომიტინგეების მიმართულებით გატყორცნილ ჭავლში გაზის შერევაზე და კიდევ ბევრ სხვა მტკიცებულებებით გამაგრებულ კითხვებზე პასუხს სთხოვს, ვიცეპოლკოვნიკი მირზა კეზევაძე ასეთ პასუხს უბრუნებს.

ბატონო ვიცე პოლკოვნიკო, დიახ, სპეციალურად მოგმართავთ თქვენი წოდების შესაბამისად. მე პატივს ვცემ თქვენს მუნდირს, პატივს ვცემ იმას, რაც ამ ქვეყნისთვის გაგიკეთებიათ, ვიცი რომ გიბრძოლიათ.. იმათაც ვიცნობ, თან კარგად, ვისთან ერთადაც თავისუფლება და ღირსება დაგიცავთ.. მე პატივს ვცემ თქვენს მუნდირს და თქვენს წოდებას, განსხვავებით თქვენი პოლიტიკური ხელმძღვანელებისა, რომლებიც დღეს ზუსტად იმ მტრის სამსახურში დგანან, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ - იმათ ინტერესებს ემსახურებიან, ვის წინააღმდეგაც თქვენ იბრძოდით, რისთვისაც თქვენი ქვეყნის და მოქალაქეების დასაცავად ფიცი გაქვთ დადებული, სისხლი გაქვთ დაღვრილი, თანამებრძოლების საფლავების და არა მათი მკვლელების წინაშე - ქედი მოგიხრიათ.

თქვენი უნდა ეშინოდეს პუტინის მარიონეტებს, ოთხოზორიას, ტატუნაშვილის, გინტურის და სხვა ქართველების მკვლელებსა და მწვალებლებს, რუს ოკუპანტებსა და მათ შნირ სეპარატისტებს და არა ჩვენს შვილებს, არა ჩვენს ახალგაზრდობას, არა საქართველოს თავისუფლების, დემოკრატიული, ევროპული მომავლის გულშემატკივარს.

თქვენ თქვით "უმრავლესობის უფლებებს ვიცავთო..." არა ბატონო ვიცეპოლკოვნიკო! თქვენ ეგ მუნდირი, იმიტომ არ გაცვიათ, რომ უმრავლესობის, ან უმცირესობის უფლებები დაიცვათ, თქვენ ეგ სამხრეები იმიტომ გიკეთიათ და ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება ჩვენ - ხალხმა, კანონით იმისთვის მოგეცით, რომ დაიცვათ კონსტიტუცია და დაიცვათ ერთი ადამიანიც კი, რომლის მიმართაც კონსტიტუციური უფლებები ირღვევა. ის დღეს შეიძლება იყოს პოლიტიკურ ან სხვა სახის უმრავლესობაში, ან უმცირესობაში, ისევე, როგორც ხვალ თქვენ აღმოჩნდეთ პოლიტიკურ უმცირესობაში, მოქალაქესთან მიმართებაში უფლებრივი გარანტიები, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით ეკუთვნით არ იცვლება რომელიმე პირობით ჯგუფთან ან წრესთან მისი მიკუთვნებულობის გამო და ეს თქვენ, როგორც ოფიცერმა კარგად უნდა იცოდეთ.

რაც შეეხება პოლიტიკურ უმრავლესობას - გაზაფხულის ამნეზიის შემდეგ არა მგონია ახლა სადმე ბუნკერში იყოთ გამოკეტილი და დღეს თვალი არ მოგეკრათ მაინც - სად არის ქართველი ერის, საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის ნება. ან იმაზე არ გსმენოდეთ, რომ ქვეყნის მოსახლეობის 85%-ზე მეტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას და ნატოში ინტეგრაციას უჭერს მხარს.

ხოდა, სწორედ ამ მიზნების, ამ იდეების მხარდასაჭერად გამოსულ ხალხს გაპირისპირებენ. დაუსვით საკუთარ თავს კითხვა - ვის წინააღმდეგ იღებთ და აღასრულებთ უკანონო ბრძანებებს?! ვის წინააღმდეგ ცდილობს თქვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობა ქვეყნის ღალატსა და კონსტიტუციის დამრღვევ მოქმედებებში ჩაგითრიოთ, რუსებთან ომში დაცემული თანამებრძოლების ხსოვნისთვის ზურგი შეგაქცევინოთ, თქვენი შვილების თაობასთან და მათ მომავალთან გამოუსწორებლად დაგაპირისპირონ და პერსონალური საერთაშორისო სანქციების სამიზნედ გაქციონ.

ამაზე დაფიქრება გმართებთ ყველას, ვის მუნდირსაც საქართველოს დროშა ამშვენებს.

ახლა კი დავუბრუნდები ოცნების პარტიულ თავყრილობას. აქ ცალკე აღნიშვნის ღირსია ივანიშვილის მიმართ გამოვლენილი მლიქვნელობის პიკი, რომელიც ქუთაისში ვიხილეთ. მხსნელად, მესიად მისი მოხსენიება.

კიდევ უფრო მძიმეა იმის შემჩნევა, რომ დარბაზში, სინოდის გადაწყვეტილების დარღვევით, რომლითაც სასულიერო პირებს საარჩევნო კამპანიაში აქტიური მონაწილეობის მიღება ეკრძალებათ, იჯდა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი, ამას ყველაფერს ისმენდა და ტაშს უკრავდა.

ტაშს უკრავდა ივანიშვილის მესიობას - მწვალებლობას, რომელსაც თავად უნდა ებრძოდეს, კერპთაყვანისმცემლობის გამოვლინებას, რომლის მხილებაც მისი ერთ-ერთი მთავარი მისიაა.

დიდი ხნის წინ, ჩემს ბავშვობაში, სიონის ტაძრის და საკურთხევლის ამბიონის მიღმა კათალიკოსი ილია, პირველად, მაშინდელ პიონერთა სასახლეში ვნახე. მის წინაშე მომიწია გამოსვლა. პატრიარქი მოზარდებს გაგვესაუბრა. ცხადია, ჩვენ მოწიწებისა და სიყვარულის გამოხატვას ვცდილობდით, მათ შორის ისეთი ფრაზებიც გამოვიყენეთ, რომელშიც მისი განსაკუთრებული მისია იყო ხაზგასმული და ამ საუბარში სიტყვა "მხსნელიც" ვახსენეთ. პატრიარქ ილიასადმი ჩემი პატივისცემა და სიყვარული შემდგომი წლების განმავლობაში დიდწილად განაპირობა მის მიერ ჩვენთვის, ანუ მოზარდებისთვის მოცემულმა დარიგებამ -  "მხსნელი" ერთია და რომ კერპთაყვანისმცემლობა თანაბრად ცუდია ნებისმიერ საზოგადოებაში, იქნება ეს საბჭოთა კავშირი, რომელიც იმ მომენტისთვის ჯერ კიდევ დანგრეული არ იყო, თუ თავისუფალ საქართველოში.

რა მოუვიდა ამ სიცხადეს? რა ბედი ეწია ამ ჭეშმარიტებას?

სირცხვილი და მწვალებლობაა, როდესაც კერპთაყვანისმცემლობის აქტს, ღმერთისგან მოვლენილ მხსნელად, მესიად გამოცხადებას ესწრება მიტროპოლიტი, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ერთ-ერთი უძველესი და გამორჩეული ისტორიის მქონე კათედრის წინამძღვარი და კიდევ უფრო სირცხვილია, როდესაც ამ თავყრილობას თავზე დაჰყურებს ამავე ,,მხსნელის" უგულისყურობის, სიჯიუტის, მავნებლობის ძეგლად ქცეული, გამოუსწორებლად დაზიანებული და შეურაცხყოფილი გელათი და ჩამორეცხილი ფრესკები.

სირცხვილია აღმაშენებლის ქალაქში მტრისთვის ბოდიშების ენით მოლაპარაკე, საქართველოს მთლიანობისთვის მებრძოლთა ომის დამნაშავედ გამომცხადებელი ისტორიული გაუგებრობა იდგეს, ქადაგებდეს, მხსნელად და მესიად აცხადებდნენ და ვინმე, მითუმეტეს მიტროპოლიტი ტაშს უკრავდეს.

იქვე, ქუთაისში ოლიგარქმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ წინა მმართველ პარტიას გაასამართლებს ომის დანაშაულისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ გაასამართლებს ქართულ სახელმწიფოს და ამით მოახდენს რუსეთის აგრესიის, მისი "ძალით მშვიდობის" დამყარების ფაშისტური ბოდვის, ოკუპაციის ლეგიტიმაციას და საქართველოს დაშლას.

ამის შესაჩერებლად ერთადერთი იარაღი 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამოხატული ჩვენი მტკიცე ნება იქნება. კაპიტულანტურმა "ქართულმა ოცნებამ" არა უბრალოდ წაგება, ქართველი ხალხისგან მძიმე მარცხი უნდა იგემოს.

თუ ასე არ მოხდა - მაშინ ჯობს ფარისევლობას შევეშვათ და ნუღარც ქართლის დედას ვუმძიმებთ მარჯვენას მტრისთვის განკუთვნილი მახვილით, ალგეთსაც ცხვარი მოვაშენოთ "მტრის ჯავრის შასაჭმელად" გასაზრდელი მგლის ლეკვების ნაცვლად და მართლა რაღას "ვაწვალებთ" ამ რუსებს - ჩვენითვე შევათეთროთ კირით ქართველი წმინდანების ფრესკები... ფარისეველი ბიძინა კი არა - ჩვენ აღარ ვიქნებით ის ხალხი ვისაც ეს ძეგლები და ფრესკები ეკუთვნით. ამიტომ - ყველანი არჩევნებზე!

საქართველო ირჩევს ევროკავშირის წევრობას! ანუ საქართველოს და არა რუსულ ოცნებას!


close დახურვა