ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი კვლავ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე საუბრობს და ამბობს, რომ გასამართლებისთვის "კარგი საფუძველი აქვთ". ამ კონტექსტში ის ფაშისტურ გერმანიასა და ნიურნბერგის პროცესს ახსენებს.
ეს განცხადება მან TV იმედის ეთერში გააკეთა.
"თუ არ მოკვეთე სიმსივნე, ის გავრცელდება, არადა, ოდესღაც დაძაბუნდება ორგანიზმი, ქართული ოცნებაც ამოუვიდა ხალხს ალბათ ყელში, 12 წლის განმავლობაში დემოკრატიულ სახელმწიფოებში რომ ერთი და იგივე ხელისუფლება აირჩიო, ძალიან რთულია. ჩემი გვარის გაგონება მე თვითონ მომეწყინა უკვე, ძალიან ხშირად. აღარ უნდათ ერთი და იგივე სახეები და ეს ხალხს შეიძლება კარგად გაუგო. საკმარისია გარედან პატარა მიზეზი, იმ წუთში სიტუაცია აფეთქდება. აი, ხორავას ქუჩა გაიხსენეთ. [...]
აი, ამისთვის არის ძალიან დიდი ხიფათი და სახიფათო ამათი დატოვება პოლიტიკაში. ეს არის ბოროტი ძალა, ქვეყნის მტერი ძალა, პრეცედენტები უამრავია პოლიტიკური პარტიების აკრძალვის და ასეთი კარგი საფუძველი, ჩვენ რომ გვაქვს, მხოლოდ ფაშისტურ გერმანიას ჰქონდა შეიძლება, როდესაც ნიურნბერგის პროცესი მოხდა, გახსოვთ და ჩვენც მსგავსი დოკუმენტაცია გაგვაჩნია დღეს, ლამის", - ამბობს ივანიშვილი.
ივანიშვილი კვლავ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლაზე საუბრობს და ირწმუნება, რომ "მარტივი უმრავლესობით მოსვლა [ქართული ოცნებისთვის] არანაირი პრობლემა არაა".
"არჩევნების მოგება არ არის გადამწყვეტი, იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ ესენი ავკრძალოთ და მოვიშოროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ვერ მივიღეთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, მარტივი უმრავლესობის მიღება, ჩვენ საერთოდ რომ არ გავიდეთ დღეს, გავჩერდეთ ტელევიზიის მერე და ქართულმა ოცნებამ საერთოდ შეაჩეროს მოძრაობა, იმდენ დეპუტატს რაც ჩვენ გვყავს პარლამენტში, ყველა შემთხვევაში ვიღებთ, ყველა რეიტინგით, არანაირი პრობლემა არაა, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ასეთი ლეგიტიმაცია, გვინდა, რომ როგორმე საბოლოოდ მოვიშოროთ ეს ჭირი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გარწმუნებთ, რომ 27-ში არაფერი არ იქნება, მაგრამ ერთი თვის მერე 27-ში შეიძლება რაღაც გაუგებრობა, ხორავას ქუჩის მსგავსი მოხდეს, საზოგადოება წამოიკიდონ, უბედურება მივიღოთ და დაბრუნდნენ და კარგად იყავით", - ამბობს ის.