ანა დოლიძის პარტია ხალხისთვის ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ტრანსგენდერ ქალზე ნატა ტალიკიშვილზე თავდასხმის ფაქტზე დავით ფერაძე დააკავეს და აცხადებს, რომ გამოძიების დასრულებამდე მასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობას წყვეტს.
პარტიაში ასევე ამბობენ, რომ დავით ფერაძემ ერთი თვის წინ, თავისი ნებით დატოვა პარტია და არ წარმოადგენს ხალხისთვის წევრს. პარტია გმობს ძალადობის ყველა გამოხატულებას.
"ქართული ოცნება დიდი ხანია საფრთხეს ხედავს ძლიერი საქართველოს კოალიციაში, რომელიც წარმოადგენს ხელისუფლების რეალურ ალტერნატივას. ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუს შემდეგ ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო ცხადი გახდა. შესაბამისად, გასაგებია რომ სწორედ ძლიერი საქართველოა უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან წნეხის სამიზნე.
ამ ფონზე მნიშვნელოვნად ვთვლით გავაკეთოთ განმარტება, რომ დავით ფერაძემ ერთი თვის წინ, მისი ნებით დატოვა პარტია და არ წარმოადგენს პარტია ხალხისთვის წევრს. მიგვაჩნია, რომ საარჩევნო მგრძნობიარე პერიოდში უსაფრთხოების სამსახურს ექნებათ მცდელობები მსგავსი სცენარების განხორციელების.
პარტია ხალხისთვის დიდი ხანია გამოდის ყველა ფორმის ძალადობის წინააღმდეგ და ბუნებრივია, გმობს ძალადობის ყველა გამოხატულებას შესაბამისი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ პარტია ხალხისთვის ვწყვეტთ ნებისმიერი სახის თანამშრომლობას დავით ფერაძესთან, მანამ სანამ არ დასრულდება გამოძიება და არ დადგინდება სიმართლე.
პარტია ხალხისთვის აგრძელებს კოალიციის მიზნების მხარდაჭერას და ემზადება 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, ორთაჭალაში ტრანსგენდერ ქალზე ნატა ტალიკიშვილზე თავდასხმის ფაქტზე ძლიერი საქართველოს საპარლამენტო სიის წევრი დავით ფერაძე დააკავეს. ის ძლიერი საქართველოს საპარლამენტო სიის 53-ე ნომერია.
გავრცელებულ ინფორმაციაზე გუშინ, 22 ოქტომბერს კომენტარი გააკეთა კოალიცია ძლიერმა საქართველომაც. მათი თქმით, გმობენ ყოველგვარ ძალადობას და შსს-ს ობიექტური და სასწრაფო გამოძიებისკენ მოუწოდებენ. ასევე, ამბობენ, რომ კოალიცია მზადაა, მიიღოს ყველა საჭირო პოლიტიკური ზომა მას შემდეგ, რაც ობიექტური გამოძიების შედეგები იქნება.