ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი წითლიძე აცხადებს, რომ ზუგდიდის რამდენიმე საარჩევნო უბანზე მაგიდების განლაგება დაკვირვების პროცესს ხელს შეუშლის.
ის მიმართავს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას და ცესკოს, გასცენ ბრძანება კომისიის თავმჯდომარეებზე, მაგიდები განლაგდეს ისე, რომ დაკვირვების შესაძლებლობა ჰქონდეთ დამკვირვებლებს არჩევნების დღეს.
"ჩვენ გუშინ მივმართეთ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას და ვთხოვეთ მას, რომ უბნებში დაეორგანიზებინა ისე, რომ შესაძლებელი ყოფილიყო მაგიდების განლაგება იმის მიხედვით, რომ დამკვირვებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ყველა მხრიდან დააკვირდნენ რეგისტრატორს. რადგან ელექტრონულია არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემოსული ამომრჩევლის პირადობა და რეგისტრატორის პლანშეტზე არსებული პირადობა და სია დაემთხვეს ერთმანეთს და ამის გადამოწმების შესაძლებლობა ჰქონდეს ჩვენს კომისიის წევრებს და დამკვირვებლებს. ეს პროცესი ახლა მიმდინარეობს ზუგდიდის 70 უბანში.
პრობლემები გამოიკვეთა ზუგდიდის მე-10, 44-ე, მე-7 უბანზე და ასევე, მე-9 და 30-ე უბანზე. ამ უბნებზე ამ წუთის მონაცემებით მაგიდები ისე არის განლაგებული, რომ შეუძლებელია მასზე დაკვირვება განახორციელოს დამკვირვებელმა ან კომისიის წევრმა.
მივმართავ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას და მივმართავ ასევე ცესკოს, რომ პირდაპირ გიწერიათ კანონში, რომ დამკვირვებელს და კომისიის წევრს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა იმისი, რომ ნებისმიერი მხარიდან, საიდანაც თვითონ ჩათვლის საჭიროდ, მიეცეს შესაძლებლობა დააკვირდეს და გადაამოწმოს თითოეული ამომრჩეველი, ამიტომაც მოგიწოდებთ ახლავე გაეცით ბრძანება თქვენს კომისიის თავმჯდომარეებზე ჩემს მიერ დასახელებულ უბნებში მე-10, 44-ე, მე-7, მე-9 და 30-ე უბნებზე და ზუგდიდის სხვა უბნებშიც, რომ მაგიდები განლაგდეს ისე, რომ დაკვირვების შესაძლებლობა ჰქონდეთ დამკვირვებლებს არჩევნების დღეს", - თქვა ანი წითლიძემ.
მანამდე, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ, სამართლიანმა არჩევნებმა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ცესკოს მიმართა, რომ მნიშვნელოვანია, არჩევნების დღეს ჩასატარებელი ყველა პროცედურა გამართულად წარიმართოს და საარჩევნო უბნებში მყოფ უფლებამოსილ პირებს პროცესებზე შეუფერხებელი დაკვირვების საშუალება მიეცეთ.