logo
ENG



საქართველოში საარჩევნო უბნები გაიხსნა და კენჭისყრის პროცედურა მიმდინარეობს

26 ოქტ 202408:00
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/25/u6l98wq0comy5gm.jpg

საქართველოში საარჩევნო უბნები გაიხსნა. კენჭისყრის პროცედურა 08:00 საათზე დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება. 

08:30 საათიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება და ცესკოს პრესსპიკერი საზოგადოებას პერიოდულად კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. 

ხმის მიცემის პროცედურა 

საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველი პირველ რიგში გაივლის პირადობის მოწმობის შემოწმების პროცედურას და ასევე მოხდება მარკირების შემოწმება, შემდეგ ამომრჩეველი მიდის ვერიფიკაციის აპარატთან, სადაც უკეთებენ მარკირებას, აფიქსირებს აპარატზე პირადობას და იბეჭდება ქვითარი. მოქალაქე აწერს ხელს ამ ქვითარს და სპეციალურ გაუმჭვირვალე ყუთში აგდებს. შემდეგ მას აძლევენ ბიულეტენს, რომელსაც კაბინაში აფერადებს და ათავსებს ელექტრონულ ურნაში, რის მერეც ტოვებს საარჩევნო უბანს.

ამომრჩევლებს ბიულეტენში 18 პოლიტიკური სუბიექტი დახვდებათ. სპეციალური მარკერით უნდა გააფერადოთ ან მონიშნოთ თქვენთვის სასურველი მხოლოდ ერთი პარტიის სახელწოდების წინ არსებული წრის შიდა სივრცე.

თუ მოქალაქე საღამოს 20:00 საათზე ისევ რიგში იდგება, ხმის მიცემა მაინც შეუძლია. ამისთვის, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა გვარებსა და სახელებს, მათ რაოდენობას აცნობებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში აღნიშნავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა რაოდენობას. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოაცხადებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ, კომისიის თავმჯდომარე ხმის მთვლელ აპარატში გადასატანი ყუთის ბიულეტენებს მოათავსებს. აპარატი ავტომატურ რეჟიმში დაითვლის ხმებს და დაბეჭდავს კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამონაწერის ასლს პლანშეტის საშუალებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციაში გადააგზავნის, საარჩევნო უბანზე კი, ხელით დათვლის პროცედურა დაიწყება. თუმცა, წინასწარი პირველადი შედეგების გამოცხადება უბნების დახურვიდან დაახლოებით 2 საათში, 22:00 საათისთვის მოხდება.

***

არჩევნებს დააკვირდება 103 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, ასევე 64 საერთაშორისო ორგანიზაცია. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 98 მედიაორგანიზაცია. სულ გახსნილი იქნება 84 საარჩევნო ოლქი - რაც შეეხება საარჩევნო უბნებს მათი რაოდენობა ჯამში 3 111 შეადგენს, მათ შორის 67 უბანი 42 ქვეყანაში. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს, მათ შორის საზღვარგარეთ 95 910 მოქალაქეა. წელს არჩევნებში პირველად ხმას 135 922 ახალგაზრდა მისცემს.

 

 

 

 

 


close დახურვა