logo
ENG



119-ე საჯარო სკოლის მასწავლებლები დირექტორის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას აპროტესტებენ

28 ოქტ 202109:15
3 წუთის საკითხავი
 

119-ე საჯარო სკოლაში მასწავლებლები და მშობლები დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ.

გაფიცული პედაგოგების თქმით, 119-ე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სკოლიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

119-ე სკოლის დირექტორის მოვალეობის შესრულებლის თქმით, ის თავად გლდანში ენმ-ს წარდგენილი გამგეობის კანდიდატის ნათესავია და მას ქართული ოცნების მხარდამჭერით ანაცვლებენ.

"დიახ, ზუსტადაც, ეს უკავშირდება მოახლოებულ მეორე ტურს, მე გახლავართ გლდანის რაიონის გამგეობის კანდიდატის დეიდა, რომელიც წარადგინა ნაციონალურმა მოძრაობამ და მოვალეობის შემსრულებლად ამ ეტაპზე უშვებენ პიროვნებას, რომელიც არის ქართული ოცნების მხარდამჭერი" - ამბობს თანამდებობიდან გათავისუფლებული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თეა ბრეგვაძე.

მასწავლებლები ამბობენ, რომ გათავისუფლებული დირექტორი, არასერტიფიცირებული პირით შეცვალეს, რომელიც დღეს, განათლების სამინისტროს წარმომადგენელთან ერთად შევა სკოლაში.

განახლება: მოგვიანებით, 119-ე საჯარო სკოლაში ქართული ოცნების ავჭალის შტაბის წარმომადგენელი ანდრია კაპანაძე მივიდა, მის გამოჩენას სკოლაში დაპირისპირება მოჰყვა.

კაპანაძე ამბობს, რომ მას მოქალაქეებმა მიმართეს რომ მისულიყო და სკოლისთვის დაეხედა.

თანამდებობიდან გათავისუფლებული თეა ბრეგვაძის თქმით, სკოლაში, ანდრია კაპანაძის მისვლა, ნიშნავს, რომ ახალი დირექტორი ოცნების დანიშნულია. ბრეგავძე ამბობს, რომ ის ენმ-ს მხარდამჭერია თუმცა სკოლაში თავისი პოზიცია არ გაუჟღერებია.

"განათლების სამინისტრო კი არ მოსულა და იკითხა რა ხდება, რატომ არის სასწავლო პროცესი შეჩერებული, ეს იკითხა ქართული ოცნების შტაბის წარმომადგენელმა - რა ხდება, რატომ არ არის სასწავლო პროცესი და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დიახ მან დანიშნა, დირექტორი, და სად არის დირექტორი არ მოსულა, ისინი ეძებენ თავიანთ დანიშნულ დირექტორს, მე [ენმ-ს] ღია მხარდამჭერი ვიყავი სკოლის კედლების მიღმა, სკოლის კედლებში არასდროს დამიფიქსირებია ჩემი პოზიცია" ,- ამბობს თეა ბრეგვაძე

მშობლებისა და მასწავლებლების თქმით, თეა ბრეგვაძე ოცნების ბრძანებებს არ ემორჩილებოდა და ოცნებას არ სურს ენმ-ს მხარდამჭერები სკოლის დირექტორებად.

"არ უნდათ ალბათ ქართული ოცნების წარმომადგენლებს, იყოს რომელიმე სკოლის დირექტორი ენმ-ს მხარდამჭერი" - ამბობს სკოლის მშობელი

"ეს არის სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქალბატონი თეა არ ემორჩილებოდა ამათ ბრძანებებს" - ამბობენ მასწავლებლები.

სკოლაში სასწავლო პროცესი ამ დროისთვის, შეჩერებულია.

განათლების სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ თეა ბრეგვაძე სკოლიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. მათი განცხადებით, ბრეგვაძე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო და ის სამართლიანად შეიცვალა.


close დახურვა