ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ აღიარებს. ამის შესახებ ბრიფინგზე კოალიციის ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, ისინი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.
"ჩვენ ვხედავთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეასრულა ივანიშვილის ბინძური დაკვეთა და გამოაცხადეს შედეგები, რომლებიც აჩვენებს, რომ ოლიგარქმა ივანიშვილმა ქართველ ხალხს გამარჯვება მოპარა და ამით მოიპარა ევროპული მომავალი. ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის სახელით ვაცხადებთ, რომ ჩვენ მიტაცებული არჩევნების შედეგებს არ ვიღებთ და ამ მოპარული, მიტაცებული საარჩევნო შედეგის აღიარებას არ ვაპირებთ.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ამგვარი პოზიცია იქნება სრულიად ოპოზიციურ ველზე, რადგან მიგვაჩნია, რომ ის გამარჯვება, რომელიც დღეს ქართველმა ხალხმა მოიპოვა, არ ეკუთვნის რომელიმე პარტიას, არამედ ეკუთვნის ქვეყანას და ოპოზიციას, რომელსა ერთობლივად მისცა ნდობის მანდატი ქართველმა ხალხმა.
ჩვენ ვიბრძოლებთ, როგორც არასდროს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაბრუნებლად და არ შევეგუებით მოპარული არჩევნების შედეგებს.
ჩვენ უკვე შევხვდით პროდასავლელ მომავალ კოალიციურ პარტნიორებს და დარწმუნებული ვარ, შემდეგი მთავრობა იქნება კოალიციური მთავრობა და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს საათებში ჩვენ ასევე გავაკეთებთ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვმოქმედებთ ამ საარჩევნო შედეგის დასაცავად, რომელიც იყო დიდი გამარჯვება ქვეყნისთვის და რომლის მოპარვასაც ცდილობს ახლა ბიძინა ივანიშვილი"- თქვა ბოკუჩავამ.
***
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ქართულ ოცნებას - 52.99% აქვს, ოპოზიციას - 38.27%.
იხილეთ Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგები.