სადამკვირვებლო ორგანიზაციების კოალიცია ჩემი ხმას წევრი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ საარჩევნო დარღვევებზე უკვე 500-ზე მეტი მტკიცებულება მოიპოვეს და მათ საერთაშორისო ორგანიზაციებს მუდმივ რეჟიმში აწვდიან.
ის ამბობს, რომ ორგანიზაციის იურისტები მუდმივ რეჟიმში მუშაობენ საჩივრებზე და აღნიშნავს, რომ გამოიყენებენ ყველა სამართლებრივ მექანიზმს სიმართლის დასამტკიცებლად.
"ძვირფასო მოქალაქეებო, მინდა გითხრათ, რომ სადამკვირვებლო კოალიციის "ჩემი ხმის" წევრები და მოხალისეები უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ რომ დავამტკიცოთ საარჩევნო გაყალბების მასშტაბურობა და სისტემურობა. უკვე მოვაგროვეთ და დავახარისხეთ საარჩევნო დარღვევების 500-ზე მეტი ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალა, რომელსაც მუდმივად ვუზიარებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს. პარალელურად, იდენტიფიცირებულია ის საარჩევნო უბნები და ოლქები, სადაც მძიმე ხასიათის დარღვევებს განგრძობითი და განმეორებითი ხასიათი ჰქონდა. ჩვენი იურისტები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ საჩივრებზე. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რომ დავამტკიცოთ სიმართლე.
ჩვენ არ დავღლილვართ, ვართ ამაყები და მართლები! არჩევნების შედეგები არ გამოხატავს საქართველოს ამომრჩევლის თავისუფალ ნებას. ეს კარგად იციან ხმის ქურდებმა!", - წერს ის Facebook-ზე.