logo
ENG



EU-ის 13 ქვეყნის მინისტრები: მოვითხოვთ საჩივრების მიუკერძოებელ გამოძიებას

28 ოქტ 202421:41
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/28/hdcleapw4r1caid.jpg

ევროკავშირის 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ და საჩივრების მიუკერძოებელ გამოძიებას მოითხოვენ.

განცხადებაში ისინი აცხადებენ, რომ ქართველი ხალხის გვერდში დგანან.

მინისტრები ასევე გამოეხმაურნენ უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტს საქართველოში და მას ნაადრევი უწოდეს. მათივე თქმით, ორბანი ევროკავშირის სახელით არ საუბრობს.

"ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოში მიმდინარე ვითარებით.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე არჩევნების დღეს.

ჩვენ ვგმობთ საერთაშორისო ნორმების ყოველგვარ დარღვევას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის.

ჩვენ ვიზიარებთ მათ შეშფოთებას და მოვითხოვთ საჩივრების მიუკერძოებელ გამოძიებას და დაფიქსირებული დარღვევების აღმოფხვრას. ჩვენ ამ რთულ დროს ქართველების გვერდით ვდგავართ. მნიშვნელოვანია, რომ საპროტესტო აქციები და განსაკუთრებით ხელისუფლების რეაქცია მათზე, მშვიდობიანი დარჩეს.

საარჩევნო მთლიანობის დარღვევა შეუთავსებელია იმ სტანდარტებთან, რომლებიც მოსალოდნელია ევროკავშირის კანდიდატისგან. ისინი [დარღვევები] ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების ღალატია.

კანონის უზენაესობის დაცვა და თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები ევროკავშირის გზაზე საქართველოს ნებისმიერი პროგრესის განუყოფელი ნაწილია ჩვენ ვაკრიტიკებთ პრემიერმინისტრ ორბანის ნაადრევ ვიზიტს საქართველოში. ის ევროკავშირის სახელით არ საუბრობს"- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას უერთდებიან:

  • ჯესიკა როსენკრანცი - შვედეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი
  • მარტინ დვორაკი - ჩეხეთის ევროპის საკითხთა მინისტრი
  • ანა ლიურმანი - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპისა და კლიმატის საკითხებში
  • მარი ბიერი - დანიის ევროპის საკითხთა მინისტრი
  • მარგუს ცაჰკნა - ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
  • იოაკიმ სტრანდი - ფინეთის ევროპის საკითხთა და საკუთრების მართვის მინისტრი
  • ბენჟამინ ჰადადი - საფრანგეთის მინისტრ-დელეგატი ევროპის საკითხებში
  • ჯენიფერ კეროლ მაკნილი - ირლანდიის სახელმწიფო მინისტრი ევროკავშირის საკითხებში
  • გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი
  • კასპარ ველდკამპი - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
  • ქსავიე ბეტელი - ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობის, განვითარების სფეროში თანამშრომლობისა და ჰუმანიტარულ საკითხთა მინისტრი
  • ადამ შლაპკა - პოლონეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი
  • ინეშ დომინგოსი - პორტუგალიის სახელმწიფო მდივანი ევროპის საკითხებში

close დახურვა