აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს განცხადებით ეხმაურება. ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები დააზიანა ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების არაერთმა შემთხვევამ, ასევე ამომრჩევლის შევიწროებამ და დაშინებამ.
ის მიუთითებს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების შეფასებებზეც და ამბობს, რომ "მათ არ უთქვამთ, რომ [არჩევნები] თავისუფალი და სამართლიანი იყო.
ჯო ბაიდენი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა და დაიწყოს დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან.
"ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია დგას ქართველი ხალხის გვერდით და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. სწორედ ამიტომაა, რომ ღრმად შემაშფოთა ბოლო დროს საქართველოს დემოკრატიის უკუსვლამ, მათ შორის იმ კანონების მიღებით, რომელიც ანარეკლია რუსული კანონმდებლობისა, რომლითაც იზღუდება ფუნდამენტური თავისუფლება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის.
26 ოქტომბრის არჩევნები დააზიანა ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების არაერთმა შემთხვევამ, ასევე ამომრჩევლის შევიწროებამ და დაშინებამ. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, მშვიდობიანად გამოხატონ შეხედულება არჩევნებზე, რომელზეც დამოუკიდებელ საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს არ უთქვამთ, რომ თავისუფალი და სამართლიანი იყო.
მოვუწოდებთ საქრთველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიოს საარჩევნო შეუსაბამობები, გააუქმოს ე.წ. “უცხოური გავლენის კანონის” მსგავსი კანონები, რომლებიც ზღუდავენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, და დაუყოვნებლივ დაიწყოს ინკლუზიური დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან საქართველოში არჩევნების სამართლიანობის აღდგენისთვის.
ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მკაცრად სცენ პატივი კანონის უზენაესობას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რომლებიც რჩება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საფუძვლად", - ნათქვამია განცხადებაში.