ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა პროკურატურას მოუწოდებს რუსი პროპაგანდისტის, ალექსანდერ მალკევიჩის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს.
ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ უნდა მოხდეს იმის გამოძიება თუ "ვისი დავალებით და როგორ გაიცა ძებნაში მყოფ პირზე სამართლებრივი აქტი და აკრედიტაცია".
"ის არის საერთაშორისო სისხლის სამართლებრივ ძებნაში ამერიკის შეერთებულ შტატებში და კანადაში. მისი მთავარი ბრალდება იყო ამ ქვეყნების არჩევნებში მონაწილეობა, რუსული გავლენის პროპაგანდირება და რუსეთის სასარგებლოდ მოქმედება. შესაბამისად ადვილი არის მივხვდეთ თუ რა დავალებები ჰქონდა რუს პროპაგანდისტს საქართველოს არჩევნებში. ამ შემთხვევაში ჩვენ გამოვკვეთეთ რა როლი აქვს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამ პროცესებში.
მოვითხოვთ, რომ გამოძიებული იყოს რეალურად მისი მიზნები, რაც ამ ადამიანს ჰქონდა საქართველოს არჩევნებში. ფაქტია, რომ რუსული ზეგავლენა საქართველოს პარლამენტის არჩევნების პერიოდში აშკარა იყო. ამაზე საუბრობენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ამას მოვითხოვთ პროდასავლური ოპოზიციაც - გამოძიებული იქნეს რუსული გავლენები საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
***
უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული პროპაგანდისტული ქსელის შემქმნელი, ალექსანდერ მალკევიჩი თბილისში არჩევნების დღეს იმყოფებოდა. მას ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული. მოგვიანებით ცესკომ თქვა, რომ მალკევიჩს НТВ-ს მედია აკრედიტაცია ჰქონდა.
როგორც რუსი პროპაგანდისტი, მალკევიჩი არის ევროკავშირის, აშშ-ის, კანადისა და სხვა ქვეყნის სანქციების ქვეშ. არჩევნებში ჩარევის გამო აშშ-ის ალექსანდრ მალკევიჩზე ძებნა აქვს გამოცხადებული და მასზე ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდებისთვის 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდოს აწესებს.
Rewards for Justice ეძებს ინფორმაციას მალკევიჩზე, რომელიც იყო რუსეთის სამოქალაქო პალატის მასმედიის კომისიის წევრი იყო, რომელიც რუსეთის მთავრობას კონსულტაციებს უწევს.
სულ მცირე 2019 წლიდან, მალკევიჩი იყენედა თავის კომპანიას - ეროვნული ღირებულებების დაცვის ფონდს, რათა ტროლების ქარხნის დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის სახელით გლობალური გავლენის ოპერაციებისთვის შეეწყო ხელი. როგორც პრიგოჟინი, ისე მისი ტროლების ქარხანა, ინტერნეტ-კვლევის სააგენტო 2016 წელს აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამო დასანქცირდნენ.