logo
ENG



TI: ცესკოს თავმჯდომარემ, სხვა პირებმა პასუხი უნდა აგონ გაყალბებაში თანამონაწილეობისთვის

04 ნოე 202412:06
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/04/qwhz0itmy742qvg.jpg

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI) აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების ზოგიერთი სქემის იმპლემენტაცია შეუძლებელი იქნებოდა სხვადასხვა უწყებების ჩართულობის გარეშე.

ორგანიზაცია ამას კენჭისყრის დღეს დაფიქსირებულ მრავალრიცხოვან და განმეორებით ხასიათის დარღვევებზე დაყრდნობით წერს, რომელთა შესახებაც როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი დამკვირვებლები იუწყებოდნენ.

TI-ის თანახმად, გაყალბების სქემის განხორციელებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საარჩევნო ადმინისტრაციამ - ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და ქვემდგომმა კომისიებმა, რომლებმაც, ორგანიზაციის თანახმად, თავიანთი მოქმედებებით და უმოქმედობით ხელი შეუწყვეს ქართული ოცნების ორგანიზებით და ხელმძღვანელობით განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო და ხშირად დანაშაულებრივ ქმედებებს.

ორგანიზაცია წერს ფაქტებსა და შეფასებებზე, რომლის გამოც, TI-ის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა და საარჩევნო ადმინისტრაციის სხვა მაღალი თანამდებობის პირებმა პირადად უნდა აგონ პასუხი:

  • ფუნქციების განაწილების წილისყრის წესის შეცვლა: 2024 წლის 16 აგვისტოს ცესკომ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციების გადასანაწილებელი წილისყრა არჩევნების დღის ნაცვლად, არჩევნებამდე შვიდი დღით ადრე ჩატარდებოდა. ამ გადაწყვეტილებამ ძირი გამოუთხარა ხსენებული საარჩევნო პროცედურის გამჭვირვალობას, რადგან ამით დამკვირვებლებს წაერთვათ მასზე დაკვირვების შესაძლებლობა. იგი ასევე ეწინააღმდეგებოდა საარჩევნო კოდექსს, რადგან კოდექსი ახლაც ითვალისწინებს, რომ ასეთი პროცედურა კენჭისყრის დღეს, 7:00-დან 8:00-მდე პერიოდში უნდა გაიმართოს. ეს უკანონო დადგენილება პირდაპირ მიეწერება ცესკოს თავმჯდომარეს, რომელიც დადგენილების ხელმომწერია. სავარაუდოდ, დადგენილების მიზანი ის იყო, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციები საუბნო საარჩევნო კომისიების ყველაზე „სანდო“ წევრებს დაკისრებოდათ. ამ უკანონო დადგენილებით ცესკომ და მისმა თავმჯდომარემ გზა გაუხსნეს კანონის ქვემოთ აღწერილ  მრავალრიცხოვან და განმეორებით დარღვევებს.

  • სხვისი პირადობის მოწმობის გამოყენებით ხმის მიცემა: წინასაარჩევნო პერიოდში სხვადასხვა წყაროებიდან მუდმივად მოდიოდა ცნობები ამომრჩევლებისათვის, განსაკუთრებით საჯარო მოსამსახურეებისათვის, პირადობის მოწმობების ჩამორთმევის შესახებ. მართალია, ასეთი „კონფისკაციების“ გამო საარჩევნო ადმინისტრაციას პასუხი ვერ მოეთხოვება, რადგან ისინი, სავარაუდოდ, სხვა სახელმწიფო დაწესებულებების, მათ შორის, შსს-ს და სუს-ის მოსამსახურეების მიერ უნდა იყოს ჩადენილი, საარჩევნო ადმინისტრაციას შეიძლება და უნდა მოეთხოვოს კიდეც პასუხი საარჩევნო უბნებზე ასეთი ჩამორთმეული მოწმობების უკანონო გამოყენების გამო სხვა ისეთი პირების მიერ, რომლებიც არ იყვნენ ამ მოწმობების მფლობელები. არსებობს მრავალრიცხოვანი შეტყობინებები მესამე პირთა პირადობის მოწმობების ასეთი უკანონო გამოყენების თაობაზე, რისი თავიდან აცილებაც შესაძლებელი იქნებოდა, თუ საუბნო საარჩევნო კომისიის რეგისტრატორები ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ჯეროვნად იმოქმედებდნენ და პირადობის მოწმობებზე არსებულ ფოტოებს შეუდარებდნენ მოწმობების წარმდგენ პირთა სახეებს; ხოლო, შეუსაბამობის შემთხვევაში, ჯერ ერთი, ასეთ პირებს არ მისცემდნენ ხმის მიცემის შესაძლებლობას და, მეორეც, შესაბამის შეტყობინებას გადასცემდნენ სამართალდამცავ ორგანოებს. რეგისტრატორების მხრიდან ასეთი უმოქმედობა შეიძლება იქნეს კვალიფიცირებული, როგორც სხვისი პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე ხმის მიცემაში დახმარების გაწევა.

  • სხვისი პირადი მონაცემებით ხმის მიცემა: ასევე არსებობს მრავალრიცხოვანი შეტყობინებები იმის თაობაზე, რომ საარჩევნო უბნებზე პირები მოდიოდნენ საკუთარი პასპორტით ან პირადობის მოწმობით, მაგრამ რეგისტრატორს გადასცემდნენ ქაღალდის ფურცელს, რომელზეც სხვა პირის პირადი ნომერი იყო მიწერილი და რომელიც ან პასპორტში იყო ჩადებული ან მასზე იყო მიწებებული. ზოგიერთ შემთხვევაში სხვადასხვა პირებს შესაძლებლობას აძლევდნენ მობილურ ტელეფონში ჩამონტაჟებული პირადობის მოწმობის სურათის საფუძველზე მიეცათ ხმა. ასეთი პირებისათვის ხმის მიცემის შესაძლებლობის მიცემაც არჩევნებთან დაკავშირებული დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედების ჩადენაში ხელშეწყობას წარმოადგენს.

  • დამკვირვებლებისათვის მუშაობაში ხელშეშლა: ზემოთ აღნიშნული დანაშაულის, თუნდაც ზოგიერთ შემთხვევაში, თავიდან აცილება შესაძლებელი გახდებოდა იმ შემთხვევაში, თუ დამკვირვებლებს მიეცემოდათ პროცესზე დაკვირვების ჯეროვნად განხორციელების შესაძლებლობა. თუმცა, დამკვირვებლებისათვის ვერიფიკაციის პროცესზე შეუფერხებელი დაკვირვების უზრუნველყოფის შესახებ ცესკოს საჯარო დაპირების მიუხედავად, საარჩევნო უბნებზე სრულიად საპირისპირო ფაქტებს ჰქონდა ადგილი. ძალზე ხშირად, სარეგისტრაციო მაგიდები უშუალოდ კედელთან ახლოს იყო მიდგმული, რაც დამკვირვებლებისათვის ვერიფიკაციის აპარატის ეკრანზე დაკვირვებას შეუძლებელს ხდიდა. თუმცა, მაშინაც კი, როდესაც დამკვირვებლებს ფიზიკურად შეეძლოთ ვერიფიკაციის აპარატების უკან დადგომა, კომისიის წევრები მათგან ადგილის დატოვებას ითხოვდნენ. ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენი დამკვირვებლები უბნებიდან მხოლოდ იმიტომ გააძევეს, რომ ისინი ვერიფიკაციის აპარატების მუშაობას აკვირდებოდნენ. დამკვირვებლებისათვის ვერიფიკაციის პროცესზე ჯეროვანი დაკვირვების შესაძლებლობის წართმევით საუბნო კომისიის წევრები ხელს უწყობდნენ ზემოთ აღწერილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ჩამდენ პირებს, ხმა მიეცათ სხვისი პირადობის მოწმობების ან პირადი ნომრების გამოყენებით.

  • ერთი პირის მიერ ხმის არაერთგზის მიცემა: ასევე არსებობს მრავალრიცხოვანი შეტყობინებები იმის თაობაზე, რომ ამომრჩევლებს ეძლეოდათ ხმის არაერთგზის მიცემის შესაძლებლობა. ამის მიღწევა შესაძლებელი იყო მარკირების წესის დარღვევის გზით: ზოგჯერ მარკირება საერთოდ არ ხდებოდა, ზოგჯერ კი ამომრჩევლებს ეკითხებოდნენ, სურდათ თუ არა მარკირება. ორივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას, რომელიც ამომრჩეველთა სავალდებულო მარკირებას მოითხოვს. შემოსულია მრავალი შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ამორჩევლების თითებს არ აშუქებდნენ სპეციალური მოწყობილობით, რისი დანიშნულებაც ის არის, რომ კომისიის წევრი დარწმუნებუნდეს, რომ ამომრჩევლის მარკირება მანამდე არ განხორციელებულა. ყველა ამ დარღვევამ გზა გაუხსნა შესაბამის პირებს, რომ ხმა არაერთგზის მიეცათ. ხმის არაერთგზის მიცემა შეიძლებოდა თავიდან აცილებულიყო, საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ მარკირების წესი ჯეროვნად რომ ყოფილიყო დაცული. ამ წესის დარღვევა შეიძლება იყოს კვალიფიცირებული, როგორც ხმის არაერთგზის მიცემაში დახმარება. გარდა ამისა, არსებობს ცნობები მარკირების საღებავის და გასაშუქებელი მოწყობილობების ცუდი ხარისხის შესახებ. ამის გამო იმავე ან სხვა უბანზე შესვლის და ხმის არაერთგზის მიცემის შესაძლებლობა მიეცათ მარკირებაგავლილ პირებსაც, რომლებსაც შეეძლოთ საღებავის მოცილება, მაგალითად, ხელის დაბანის გზით.

  • არაუფლებამოსილი პირების ყოფნა საარჩევნო უბნებზე: ბევრი დამკვირვებელი საარჩევნო უბნებზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნის შესახებ იუწყებოდა. ზოგი მათგანი კენჭისყრის კაბინაში ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პროცესს ესწრებოდა, რითაც ხმის მიცემის ფარულობის პრინციპს არღვევდა, ზოგი ხმაურობდა ან სხვა მხრივ უშლიდა ხელს კომისიის მუშაობას და პროცესის ნორმალურად მსვლელობას. კომისიების მხრიდან ასეთი დამრღვევების მიმართ ზომების მიუღებლობა შეიძლება იქნეს განმარტებული, როგორც ასეთი პირებისათვის კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში დახმარების გაწევა.

  • ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა: უამრავი თვითმხილველის ცნობით, გაჟონილი საღებავის გამო ბიულეტენზე ამა თუ იმ პარტიის გასწვრივ მარკერით მონიშნული წრე ბიულეტენის უკანა მხრიდანაც ხილული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბიულეტენი ელექტრონულ მთვლელ აპარატში დაღმა მდგომარეობაში უნდა შეეცურებინათ, კომისიის წევრს თუ ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც აპარატის შორიახლოს იმყოფებოდა, შეეძლო დაენახა ლაქის მდებარეობა და დაედგინა, მისცა თუ არა ამომრჩეველმა ხმა მმართველ პარტიას. ამ გარემოებამ ძირი გამოუთხარა ხმის მიცემის ფარულობას. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან ადგილი ჰქონდა განზრახ ან გაუფრთხილებლობით ჩადენილ ქმედებას, რომლითაც მან ვერ ან არ განახორციელა საარჩევნო პროცესის ისეთი მასალებით მომარაგება, რომლებიც უზრუნველყოფდა ხმის მიცემის ფარულობის დაცვას.

  • ამომრჩევლების დაშინება, მათზე ძალადობა და თავმჯდომარეების უმოქმედობა: როგორც დამკვირვებლების, ისე მედიის მხრიდან იყო უამრავი შეტყობინება ამომრჩევლებისა და დამკვირვებლების დაშინების, მათი შეურაცხყოფისა და მათზე ძალადობის შესახებ, როგორც საარჩევნო უბნებზე, ისე მათ შორიახლოს. საარჩევნო კანონმდებლობა ავალდებულებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებს, უზრუნველყონ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და, საჭიროების შემთხვევაში, ანიჭებს მათ უფლებამოსილებას, გამოიძახონ პოლიცია. თუმცა, ასეთი უფლებამოსილების განხორციელებისთვის კომისიების თავმჯდომარეებს არ მიუმართავთ. თავდამსხმელების განეიტრალების მხრივ უმოქმედობით, შესაძლებლობა მიეცათ ე.წ.  „ძველ ბიჭებს“ ხელი შეეშალათ ამომრჩევლებისათვის ნების თავისუფლად განხორციელებაში. 

  • ემიგრანტებისთვის ხმის უფლების ჩამორთმევა: და ბოლოს, რისი აღნიშვნაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საზღვარგარეთ რამდენიც საჭირო იყო, იმდენი საარჩევნო უბნის გახსნაზე დაუსაბუთებელი და აუხსნელი უარით, ცესკომ და მისმა თავმჯდომარემ ათეულობით ათას ჩვენ თანამემამულეს არ მისცეს შესაძლებლობა, მისულიყვნენ საარჩევნო უბანზე და მიეცათ ხმა, რითაც ჩამოართვეს მათ თავიანთი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. საზღვარგარეთ გახსნილი 67 საარჩევნო უბნის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, სადაც ამომრჩეველთა უდიდესმა ნაწილმა ხმა ოპოზიციურ პარტიებს მისცა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს შეგნებულად მოხდა, რათა ამით შესაბამისი წვლილი შეტანილიყო არჩევნებზე მმართველი პარტიის სასარგებლოდ. მეტიც, სადაც კი გაიხსნა საარჩევნო უბნები, საარჩევნო პროცესი უკიდურესად ცუდად იყო ორგანიზებული, მაგალითად, არ იყო რეგისტრატორების საკმარისი რაოდენობა, რამაც გამოიწვია უზარმაზარი რიგები საარჩევნო უბნებთან და ამომრჩევლებს, რომელთა დიდი ნაწილი შორეული ადგილებიდან იყო ჩამოსული, ხმის მისაცემად საათებით უხდებოდათ ლოდინი.

"ზემოთ აღწერილი ფაქტებისა და შეფასებების საფუძველზე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ცესკოს თავმჯდომარე და მისი ხელმძღვანელობით, კონტროლითა და თანხმობით - მთელი საარჩევნო ადმინისტრაცია მონაწილეობდა არჩევნების გაყალბების ფართომასშტაბიანი სქემის განხორციელებაში, რომელიც ჩაიდინა სახელმწიფომ მისი სხვადასხვა ინსტიტუტების რესურსების გამოყენებით, რათა უზრუნველეყო არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვება.

ცესკოს თავმჯდომარემ და საარჩევნო ადმინისტრაციიის სხვა მაღალი თანამდებობის პირებმა პასუხი უნდა აგონ არჩევნების გაყალბების სქემებში თანამონაწილეობისათვის", - ნათქვამია TI-ის განცხადებაში. 


close დახურვა