logo
ENG



ახალი არჩევნები, მტკიცებულებების შეგროვება - ოპოზიციამ საზოგადოებას საერთო პრინციპები გააცნო

04 ნოე 202420:48
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან აქციაზე შეკრებილებს ოპოზიციური პარტიების ერთობლივი პრინციპები გააცნო.

როგორც ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას თქვა, პარტიებმა, ერთობლივი მუშაობით მიაღწიეს იმას, რომ "ამ ეტაპისთვის დემოკრატიული ქვეყნებისგან არჩევნებს აღიარება არ აქვს".

"მინდა ანგარიში ჩაგაბაროთ: ამ დღეების განმავლობაში გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, სხვა სადამკვირვებლო თუ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან ერთად, გავაერთიანეთ რესურსი და პირველ ეტაპზე მივაღწიეთ, რომ ამ ეტაპისთვის დემოკრატიული ქვეყნებისგან ამ არჩევნებს აღიარება არ აქვს. ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული, მტკიცე ნაბიჯები გადასადგმელი...

მინდა გაგაცნოთ მთავარი პრინციპები, რაზეც ჩვენ, პოლიტიკური ძალები შევთანხმდით - 1) ვითხოვთ, ახალი არჩევნების დანიშვნას. 2) არ ვაღიარებთ მოპარულ არჩევნებს და არ ვცნობთ პარლამენტის ლეგიტიმაციას. 3) დავიწყეთ წინააღმდეგობის მოძრაობა და ვშლით წინააღმდეგობის ფრონტს ჯერ თბილისში და შემდეგ მთელ საქართველოში. ყოველი შემდგომი პროტესტი იქნება უფრო და უფრო მწვავე, უფრო და უფრო კონკრეტულ მიზანზე ორიენტირებული.

4) ვაგრძელებთ მტკიცებულებების თავმოყრას და სრულფასოვნად საერთაშორისო გამოძიებისთვის ყველა დოკუმენტაციის შეგროვებას, რომ ყველა დამნაშავე იყოს დასჯილი, ვინც ხალხს არჩევანი მოჰპარა. 5) ამ ბრძოლაში ჩართვა არ არის მხოლოდ ჩვენი პასუხისმგებლობა. ეს არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა და გთხოვთ გავაცნობიეროთ, რომ ის ნაბიჯები, რასაც ჩვენ ყოველდღიურად შემოგთავაზებთ, მნიშვნელოვანია ერთად შევასრულოთ, რომ საბოლოო გამარჯვებამდე მივიდეთ. 6) ყველაფერს ვაკეთებთ ერთად. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ საბოლოო გამარჯვებას არ მოვიპოვებთ.

ჩვენი ნომერ პირველი სამიზნე ხელისუფლებასთან ერთად არის ცესკო. ცესკომ უნდა გამოაცხადოს არჩევნები გაუქმებულად, რადგან დადასტურებულია, რომ არჩევნები მიიტაცეს და ფარულობა არის დარღვეული", - თქვა ვაშაძემ.


close დახურვა