logo
ENG



Politico: გერმანიის კოალიციური მთავრობა დაიშალა, კანცლერმა ფინანსთა მინისტრი გაათავისუფლა

07 ნოე 202400:49
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/07/0n9qmi69mcsbzzp.jpg

გამოცემა Politico წერს, რომ გერმანიის სამპარტიული მმართველი კოალიცია დაიშალა მას შემდეგ, რაც კანცლერმა ოლაფ შოლცმა ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდერი თანამდებობიდან გაათავისუფლა, მიზეზად კი ეკონომიკურ რეფორმებზე მუდმივი უთანხმოება დაასახელა.

Politico-ს თანახმად, უთანხმოებამ კრიტიკულ წერტილს მაშინ მიაღწია, როცა კრისტიან ლინდერის - თავისუფალი დემოკრატიული პარტიის (FDP) შეთავაზებას გარკვეული ლიბერალური ეკონომიკური რეფორმების გატარების შესახებ კოალიციის დანარჩენი ორი წევრი პარტია - ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატიული პარტია და მწვანეები შეეწინააღმდეგნენ.

გამოცემა წერს, რომ ოთხშაბათს, 6 ნოემბრის საღამოს კოალიციის წევრი პარტიების "დრამატული შეხვედრის" დროს კრისტიან ლინდერმა ოლაფ შოლცს უთხრა, რომ ის ვერ ხედავდა კოალიციის გაგრძელების გზას და მას ვადამდელი არჩევნების ჩასატარებელი გზის მონახვისკენ მოუწოდა.

Politico-ს შეხვედრის შესახებ ინფორმირებულმა ორმა წყარომ უთხრა, რომ ამის შემდეგ ოლაფ შოლცმა კრისტიან ლინდერის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

გამოცემის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ოლაფ შოლცს შეუძლია გააგრძელოს მმართველობა უმცირესობის მთავრობაში, მას არ ექნება უმრავლესობა ბიუჯეტის დასამტკიცებლად, რაც ზრდის ვადამდელი არჩევნების ალბათობას.

აქედან გამომდინარე, Politico წერს, რომ რიგგარეშე არჩევნები გერმანიაში, დიდი ალბათობით, მარტში გაიმართება.


close დახურვა