logo
ENG



საბიუჯეტო ორგანიზაციები სიძულვილის ენისა და ანტიდასავლური პროპაგანდის გამღვივებელ მედიასაშუალებებს აფინასებენ - MDF

08 ოქტ 201913:21
3 წუთის საკითხავი
 
ibpc399ydltpci7.jpg

საბიუჯეტო ორგანიზაციები რეკლამის ან ინფორმაციის გავრცელების მიზნით, განაგრძობენ ისეთი მედიასაშუალებების დაფინანსებას, რომლებიც სიძულვილის ენასა და ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებენ, ასევე კრემლის პროპაგანდის ტირაჟირებას ეწევიან -ამის შესახებ ინფორმაციას მედიის განვითარების ფონდი (MDF) ავრცელებს.

ორგანიზაციის 2018 წლის ანგარიშში ყველა ის მედიასაშუალება მოხვდა, რომელიც სიძულვილის ენას ხშირად იყენებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიზეზით 2014-2017 წლებში აღნიშნული მედიასაშუალებები სისტემატურად ხვდებოდნენ, MDF-ის ანგარიშში და სახელმწიფო ორგანიზაციებს შესაბამისი რეკომენდაციებიც გაეგზავნათ, 2018 წელს მათთან თანამშრომლობაზე უარი მაინც არ თქვეს.

უფრო ზუსტად კი, გასულ წლის ანგარიშში 7 ასეთი მედიასაშუალება გამოიკვეთა. მათგან ყველაზე მრავალრიცხოვანი და მაღალი ღირებულების კონტრაქტები საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკასთან” (130 025 ლარი) და ონლაინ გამოცემა newpress.ge-სთან (36 173ლარი) გაფორმდა. 

ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ:

"თბილისი 24" და გაზეთი “ალია”  (აღსანიშნავია,  რომ “კლიპარტთან” გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 7 მედიასაშუალებაში ინფორმაციის განთავსების ღირებულება 50 000 ლარს შეადგენდა. აღნიშნული თანხის ნაწილი, ონლაინ გამოცემა "თბილისი 24-ზე" და გაზეთ “ალიაზეც” გადანაწილდა, თუმცა, შეუძლებელია  თითოეულ მედიაზე განაწილებული ზუსტი თანხის იდენტიფიცირება);

სააგენტო "მარშალპრესი" - (საკონტრაქტო მომსახურების ოდენობა 8 114 ლარია);

ტელეკომპანია „ობიექტივი“ – (საკონტრაქტო მომსახურების ოდენობა 3746 ლარია);

"სამეფო არხი" (ყოფილი "ხარისხის არხი") -  (საკონტრაქტო მომსახურების ოდენობა 3100 ლარია).

"პედერასტები ცხოველთა სამყაროს იშველიებენ, თითქოს, მამათმავლობა ჩვეულებრივი მოვლენა იყოს ცხოველებში, რაც სრული სიცრუეა" - „საქართველოს რესპუბლიკა,“ "უზნეობის ევროპული სტანდარტების“ დამკვიდრებას“ მოითხოვენ საქართველოში -„საქართველოს რესპუბლიკა,“ "დღეს გვჭირდება ბერია” - "თბილისი 24,” - ამგვარ ციტატებს აღნიშნულ მედიასაშუალებებში მრავლად შეხვდებით. რამდენიმე მათგანში ჩანს "სპუტნიკის" პროექტების პოპულარიზაცია მაგალითად, newpress.ge-ის უცხოური პრესის მიმოხილვაში, ხშირად ქვეყნდება კრემლის პროპაგანდისტული მედიაპლატფორმების (Комсомольская Правда, РИА Новости და სხვა) და ჟურნალისტების, მასალებიც.

ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ  აღნიშნული მედიები ინფორმაციისა და რეკლამის განთავსების მიზნით, საბიუჯეტო ხელშეკრულებებს ადრეც დებდნენ. მას შემდეგ რაც, რასიზმისა და შეუწნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიის (ECRI) მეხუთე ციკლის ანგარიშში MDF-ის კვლევაზე დაყრდნობით, კომისიამ სახელმწიფოს რეკომენდაცია მისცა, გადაეხედა იმ მედიასაშუალებებთან არსებული კონტრაქტებისთვის, ვინც რასისტულ ან ჰომო/ტრანსფობიულ სიძულვილის ენის გამოვლემაში იყო შემჩნეული, გარკვეულ მედიებთან, მათ შორის "ტვ ობიექტივი,” გაზეთი “ალია,” ასეთმა თანამშრომლობამ იკლო. როგორც 2018 წლის მონაცემები აჩვენებს, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა სხვა მედიებს არ შეხებია და ECRI-ის შესაბამისი რეკომენდაცია შესრულებული არ არის.

მედიის განვითარების ფონდის (MDF) 2018 წლის ანგარიში დღეს გამოქვეყნდა და ის ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. სიძულვილის ენისა და ანტიდასავლური პროპაგანდის გარდა, ანგარიშში ასევე ასახულია ზოგადად რეკლამისა და ინფორმაციის გავრცელების მიზნით, მედიაში საბიუჯეტო თანხების განაწილების პრაქტიკა-სტატისტიკა და საბიუჯეტო ხელშეკრულებებში სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის ფაქტები.

 


close დახურვა