ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციური პარტიებისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივრები არ დააკმაყოფილა. ისინი ფარულობის დარღვევის გამო 73 ოლქის შედეგების გაბათილებას ითხოვდნენ.
ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საჩივრებს უსაფუძვლო უწოდა.
საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძის თქმით, დღევანდელმა სხდომამ აჩვენა, რომ ცესკოს ნეიტრალური წევრები ფორმალურადაც ვერ იცავდნენ ნეიტრალურობას და ზოგიერთი მათგანი პირდაპირ აჟღერებდა საიას წინააღმდეგ იგივე ბრალდებებს, რაც მმართველი გუნდის მხრიდან ბოლო დღეებში ისმის.
"მათ შორის, სვამდნენ ისეთ კითხვებს, რომლებსაც საერთოდ არ აქვს შემხებლობა განსახილველ საკითხთან. მაგალითად, ჩვენი დამკვირვებლებისათვის ჩატარებული ტრენინგების შინაარსს ვუთანხმებთ თუ არა დონორსებს.
ამის მიუხედავად, საინტერესო დადასტურებაც მივიღეთ ამ სხდომიდან, ქართული ოცნების მიერ დანიშნულმა წევრმა დაადატურა, რომ კამერები, რომლებიც უბნებზე იყო, მათ ეკუთვნოდათ.
ჩვენ ამ საკითხზე დავას აუცილებლად გავაგრძელებთ და გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რომლის გამოყენებაც დამკვირვებელ ორგანიზაციას შეუძლია", - ამბობს ქურდოვანიძე.