logo
ENG



11 წლის მარიამის დედა: არაა სიმართლე, რომ ძვირადღირებული მობილური დაკარგა და ეჩხუბნენ

17 ივნ 202316:50
3 წუთის საკითხავი
clock 19128
2023/06/17/fhmo37tsr6ver27.jpg

გუშინ, 16 ივნისს დიდ დიღომში დაკარგული მოზარდის დედა, მარინა ვაშალომიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ 11 წლის მარიამი, რომელიც გვიან ღამით პოლიციისა და მოხალისეების დახმარებით იპოვეს, კარგადაა.

დედის თქმით, ბავშვი დაიმალა და მეგობარი ძაღლის სახლში ჩაეძინა.

მარინა ვაშალომიძე ამბობს, რომ ტყუილია, თითქოს მისმა შვილმა ძვირადღირებული ტელეფონი დაკარგა და ამის გამო ეჩხუბნენ.

მისი თქმით, ოჯახისთვის უცნობია, რა გახდა მისი გადაწყვეტილების მიზეზი და ახლა გამოცდილ სპეციალისტებთან და ახლობლებთან ერთად მუშაობენ.

11 წლის მარიამის დედა მისი შვილის ძებნაში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობას უხდის. 

"ჩვენი მარიამი კარგადაა! სახლშია, მშობლებთან და საკუთარ და-ძმასთან ერთად! მადლობა უფალს!

მადლობა თქვენ, კეთილო ადამიანებო, ვინც გულთან ასე მიიტანეთ ჩვენი ოჯახის ამბავი!

მესმის ძალიან დიდია დაინტერესება თუ რა მოხდა, რა გახდა მიზეზი რომ ბავშვი დაიმალა და მისი მეგობარი ძაღლის სახლში ჩაეძინა. მარიამი იზრდება სიყვარულით სავსე ოჯახში, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია თითქოს ძვირად ღირებული მობილური დაკარგა და ამის გამო მას ეჩხუბნენ, (მობილური ნამდვილად დარჩა ეზოში, რომლის ღირებულებაც 40 ლარს არ აღემატება) მსგავსი თემა არასდროს ყოფილა ოჯახში კონფლიქტის საბაბი. ამ დრომდე ჩვენთვისაც უცნობია რა გახდა რეალურად მისი ამ გადაწყვეტილების მიზეზი.

მარიამს ძალიან უყვარს ცხოველები, გუშინწინ მოუკვდა ბარტყი, რომელსაც ძალიან უვლიდა და ეს მისთვის საკმაოდ სტრესული ემოცია იყო.

გუშინდელმა დღემ გვაჩვენა რომ უამრავი მეგობარი და გულშემატკივარი ჰყავს ჩვენს ოჯახს, ვმუშაობთ გამოცდილ სპეციალისტებთან და ახლობლებთან ერთად, დარწმუნებულები ვართ მარიამთან ერთად ვიპოვით მიზეზებს და საუკეთესო გამოსავალს.

მადლიერი ვარ და მიყვარხართ ყველა, ვინც ჩვენთან ერთად იდექით, დიდი თუ პატარა, მაშველი თუ პოლიციელი, ჩინოსანი თუ უბრალოდ გულანთებული ადამიანი! კინოლოგების ძაღლი, რომელმაც კვალზეც გაგვიყვანა!

ბიჭები, რომლებმაც ჩვენი პეპი იპოვეს!

ამ ჯადოსნურ ღამეს უბანში არ დარჩენილა არც ერთი ბუჩქი, ხის ძირი და კუთხე- კუნჭული, რომელსაც ციცინათელები არ ანათებდნენ.

მადლობა ამ ერთობისთვის და სიყვარულისთვის!

მადლობა დიდ დიღომს და მთელ თბილისს გვერდში დგომისთვის!“ - წერს მარინა ვაშალომიძე.


close დახურვა