logo
ENG



საია 5 ივლისზე: იმ მუხლზე, რომელზეც სასჯელს იხდიდნენ, ამნისტია წესით არ უნდა ყოფილიყო

16 ნოე 202421:07
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/16/y65mat170l65say.png

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას წინააღმდეგ ჩადენილ ძალადობაზე მსჯავრდებულების ნაადრევ გათავისუფლებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ "იმ მუხლზე, რომელზეც სასჯელს იხდიდნენ, ამნისტია წესით არ უნდა გავრცელებულიყო".

"დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლექსო ლაშქარავას წინააღმდეგ ჩადენილ ძალადობაში მხილებულმა მსჯავრდებულებმა ციხე დატოვეს. სასამართლო მათ მიმართ გამოყენებულ სანქციაში ისედაც ლმობიერი იყო და საქმის განხილვისას მოუხსნა ერთი მუხლი, რომელიც უფრო მძიმე სანქციას ითვალისწინებდა. ამის გამო მათ ციხე 2025 წლის ზაფხულში უნდა დაეტოვებინათ.

იმ მუხლზე, რომელზეც სასჯელს იხდიდნენ, ამნისტია წესით არ უნდა გავრცელებულიყო. საინტერესოა, სხვა რა საფუძვლით მიიღეს მათ შეღავათები. ამ კითხვით საჯაროდაც მივმართავთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს და დამატებით წერილობითაც მივწერთ. ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი პირობა 5 ივლისის მოვლენების სრული გამოძიება იყო და არა უკვე დასჯილი პირების შეღავათები. ძალადობის ორგანიზატორები ისევ დაუსჯელები არიან", - წერს ქურდოვანიძე.

***

ციხიდან ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ცემაში მსჯავრდებულები გამოვიდნენ. მათ შორის საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვა დავით კუტალაძემაც. როგორც ადვოკატები სხვადასხვა მედიასაშუალებებთან ამბობენ, მსჯავრდებულებს ამნისტია შეეხოთ. 

2021 წლის 5 ივლისს დავით კუტალაძე და ძალადობრივი ჯგუფების სხვა წარმომადგენლები TV პირველის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მოძრაობა სირცხვილიას ოფისში ლექსო ლაშქარავას სასტიკად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც მას სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. 11 ივლისს კი ის სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

5 ივლისს მედიის წარმომადგენლების დევნისა და ძალადობის ორგანიზატორები ამ დრომდე დაკავებულები არ არიან.

შსს-მ TV პირველის გადამღებ ჯგუფზე, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე თავდასხმაში მონაწილე 6 ადამიანი დააკავა. სასამართლომ მათ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მათ სასჯელი 1 წლით შეუმცირა. 


close დახურვა