პოლიცია, რომელმაც ჭავჭავაძის გამზირზე უწყვეტი საპროტესტო აქცია დაშალა, მელიქიშვილის გამზირის გათავისუფლებაც მოითხოვა. ამჟამად აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა, სავარაუდოდ, არიან დაკავებულებიც.
მას შემდეგ რაც პოლიცია ჭავჭავაძის გამზირზე გამოჩნდა, აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილზე გადაინაცვლეს. მათთან პოლიციის წარმომადგენელი მივიდა და გზის სავალი ნაწილის გაწმენდა მოითხოვა.
"პროტესტი გრძელდება სხვადასხვა მშვიდობიანი გზით... გათავისუფლებულია ის ნაწილი, რომელიც თქვენ გაათავისუფლე", - უთხრა პოლიციის წარმომადგენელს მელიამ.
"მელიქიშვილის გამზირი უნდა გაიხსნას, ამიტომ მოუწოდეთ თქვენს თანამოაზრეებს, რომ გადაიწიონ", - თქვა შსს-ს წარმომადგენელმა.
მალევე მოქალაქეებსა და პოლიციას შორის ვითარება დაიძაბა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. კადრებში ჩანს, რომ პოლიციელები მოქალაქეებს ეჯაჯგურებიან და მიათრევენ, სავარაუდოდ, აკავებენ.