ოპოზიცია მელიქიშვილის გამზირიდან ჭავჭავაძეზე დაბრუნდა, პროტესტი კვლავ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გაგრძელდება.
როგორც კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ თქვა, აქცია ღამის განმავლობაში გაგრძელდება.
"დღეს თბილისმა, საქართველოს მოქალაქეებმა მიაღწიეს ძალიან მნიშვნელოვან შედეგს. მათმა რეაქციამ პოლიციის უღირსებობაზე მოიტანა შედეგი.
ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ აქ ვართ, ისევ თსუ-სთან ვაგრძელებთ ბრძოლას, დღეს ღამე დავრჩებით აქ და ვიქნებით იმდენი ხანი, რამდენიც საჭიროა გამარჯვებამდე.
ჩვენ დავიცავთ ყველა ჩვენს მოქალაქეს, მოვუფრთხილდებით ყველა ჩვენს მოქალაქეს. არ დავიხევთ არცერთი ნაბიჯით უკან. ჩვენ გამოვაცხადეთ წინააღმდეგობის მოძრაობა და ეს მოძრაობა წავა მხოლოდ წინ. გაიწევა პოლიცია, გაიწევა ოცნებაც და გაიწევა რუსეთიც ამ ქვეყნიდან, იმიტომ რომ თუ ჩვენ გადავწყვეტთ, რომ ვიბრძვით და არ ვეგუებით, სხვა გამოსავალი ამ ქვეყანას არ აქვს", - თქვა მან.
***
19 ნოემბერს, თბილისში აქციის დაშლისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავა, 3 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
დაკავებულებს შორის იყო მთავარი არხის ოპერატორი, სერგი ბარამიძე, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
გამთენიისას პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი თსუ-ის მიმდებარედ, ჭავჭავაძის გამზირზე გამოჩნდა, სადაც მოქალაქეებს მეორე დღეა უწყვეტი პროტესტი ჰქონდათ და ღამეს ათენებდნენ. პოლიციამ აქციის მონაწილეების მიმართ ძალა გამოიყენა. ამის შემდეგ მოქალაქეებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს, ხოლო თბილისის მერიის სამსახურმა ჭავჭავაძის გამზირის დასუფთავება დაიწყო.
მალევე პოლიციამ მელიქიშვილის გამზირის გათავისუფლებაც მოითხოვა. პოლიცია აქციის მონაწილეებს ფიზიკურად დაუპირისპირდა და მათი დაკავება დაიწყო.