logo
ENG



აქციის მონაწილე სტუდენტების ნაწილი თსუ-ის პირველი კორპუსის შენობაში შევიდა

20 ნოე 202401:51
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/20/4zwaf53qesowtpg.jpg

აქციის მონაწილე სტუდენტების ნაწილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობაში შევიდა.

სტუდენტების თქმით, მათი გეგმაა, რომ შენობაში დარჩნენ იქამდე, სანამ რექტორი ჯაბა სამუშია თანამდებობას არ დატოვებს.

"საქართველოს და თსუ-ის არსებობა ერთმანეთთან ძალიან მნიშვნელოვნად და სიმბოლურად არის გადაკვანძული. ეროვნული მოძრაობა დაიწყო თსუ-დან და ახალი ეროვნული მოძრაობაც დაიწყება თსუ-დან, ვფიქრობ. ბოიკოტია [გეგმა], დავრჩებით აქ იქამდე, სანამ ჯაბა სამუშია არ გადადგება", - თქვა ერთ-ერთმა სტუდენტმა, მოძრაობა დაფიონის აქტივისტმა ზვიად ცეცხლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამ ეტაპისთვის უცნობია, როგორ შეაღწიეს სტუდენტებმა უნივერსიტეტის შენობაში. ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც მივიდნენ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯაბა სამუშიას გადადგომა სტუდენტებმა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც გავრცელდა კადრები, რომ 19 ნოემბერს, საპროტესტო აქციის დაშლამდე საპოლიციო ძალების ნაწილი თსუ-ის ეზოში შევიდა. 

სტუდენტების ნაწილის თქმით, მათთვის კატეგორიულად მიუღებელია კორპუსის ჩაკეტვა სტუდენტებისთვის და გახსნა - საპოლიციო ძალებისთვის.

ამ წუთებში ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. 


close დახურვა