logo
ENG



NGO-ები აქციაზე დაკავებულებზე: სასამართლო უგულებელყოფს სამართლიანი სასამართლოს უფლებას

20 ნოე 202422:32
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/20/494cmssd2lkl229.png

არასამთვრობო ორგანიზაციები 19 ნოემბერს, მშვიდობიანი შეკრების დროს დაკავებულების სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით ამბობენ, რომ სასამართლო უგულებელყოფს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

მათი განცხადებით, სასამართლო არ აძლევს ადვოკატებს შესაძლებლობას, "ჯეროვნად განახორციელონ მათი მარწმუნებლების ინტერესების დაცვა, ხოლო მეორე მხრივ, მოქალაქეებს არ ეძლევათ მათი სასარგებლო მტკიცებულებების მოძიებისა და სასამართლოში წარმოდგენის შესაძლებლობა".

"არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატები იცავენ 19 ნოემბერს მშვიდობიანი შეკრების დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების ინტერესებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, დაკავებულები სასამართლოში დღეს სამუშაო საათების მიწურულს, 18:00 საათამდე ცოტა ხნით ადრე გადაიყვანეს. აღნიშნულის თაობაზე ადვოკატები არ იყვნენ ინფორმირებულები გონივრული ვადით ადრე.

ამ დროისთვის საქმეებს რამდენიმე მოსამართლე პარალელურად იხილავს. მოსამართლეები მიზანმიმართულად არ აკმაყოფილებენ ადვოკატების შუამდგომლობებს საქმის მასალების გასაცნობად და დამატებითი მტკიცებულებების წარმოსადგენად გონივრული ვადით სხდომების გადადებასთან დაკავშირებით. რამდენიმე შემთხვევაში პროცესი გადაიდო მხოლოდ 10 ან 30 წუთით და ამ დროში მხარეებს დაევალათ ვიდეო მტკიცებულებებისა და მოწმეთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა.

მიგვაჩნია, რომ სასამართლო უგულებელყოფს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, არ აძლევს ადვოკატებს შესაძლებლობას ჯეროვნად განახორციელონ მათი მარწმუნებლების ინტერესების დაცვა, ხოლო მეორე მხრივ, მოქალაქეებს არ ეძლევათ მათი სასარგებლო მტკიცებულებების მოძიებისა და სასამართლოში წარმოდგენის შესაძლებლობა.

მოვუწოდებთ სასამართლოს, მისცეს ადვოკატებსა და მხარეებს საქმის მასალების სრულად გაცნობის და ახალი მტკიცებულებების მოძიებისთვის საჭირო დრო და ორგანიზებულად წარიმართოს წინამდებარე საქმეების განხილვა", - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, 20 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებულ ერთ-ერთ აქტივისტს ისაკო დევიძეს 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, გარდა ამისა, აქტივისტი ირაკლი ანდღულაძე 2 700 ლარით დააჯარიმა.

19 ნოემბერს, თბილისში აქციის დაშლისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავა, 3 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

დაკავებულებს შორის იყო მთავარი არხის ოპერატორი, სერგი ბარამიძე, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. 

გამთენიისას პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი თსუ-ის მიმდებარედ, ჭავჭავაძის გამზირზე გამოჩნდა, სადაც მოქალაქეებს მეორე დღეა უწყვეტი პროტესტი ჰქონდათ და ღამეს ათენებდნენ. პოლიციამ აქციის მონაწილეების მიმართ ძალა გამოიყენა. ამის შემდეგ მოქალაქეებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს, ხოლო თბილისის მერიის სამსახურმა ჭავჭავაძის გამზირის დასუფთავება დაიწყო. 

მალევე პოლიციამ მელიქიშვილის გამზირის გათავისუფლებაც მოითხოვა. პოლიცია აქციის მონაწილეებს ფიზიკურად დაუპირისპირდა და მათი დაკავება დაიწყო. 


close დახურვა