ODIHR სოციალურ ქსელ X-ზე მშვიდობიანი პროტესტის ძალის გამოყენებით დაშლას ეხმაურება და ამასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს.
"ODIHR შეშფოთებულია ცნობებით საქართველოში პოლიციის მიერ ძალის გადამეტების შესახებ და მოუწოდებს ხელისუფლებას, ხელი შეუწყონ მშვიდობიანი შეკრებების ჩატარებას და დიალოგი ძალადობის გარეშე აწარმოონ.
მშვიდობიანი პროტესტისა და კრიტიკული შეხედულებების გამოხატვის უფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა დემოკრატიული საზოგადოებისთვის", - წერია ტვიტში.
19 ნოემბერს თბილისში აქციის დაშლისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავა, 3 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 21 წლის ბიჭი დააკავეს, რომელსაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
დაკავებულებს შორის იყო მთავარი არხის ოპერატორი, სერგი ბარამიძე, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
გამთენიისას პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი თსუ-ის მიმდებარედ, ჭავჭავაძის გამზირზე გამოჩნდა, სადაც მოქალაქეებს ორი დღე უწყვეტი პროტესტი ჰქონდათ და ღამეს ათენებდნენ. პოლიციამ აქციის მონაწილეების მიმართ ძალა გამოიყენა. ამის შემდეგ მოქალაქეებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს, ხოლო თბილისის მერიის სამსახურმა ჭავჭავაძის გამზირის დასუფთავება დაიწყო.
მალევე პოლიციამ მელიქიშვილის გამზირის გათავისუფლებაც მოითხოვა. პოლიცია აქციის მონაწილეებს ფიზიკურად დაუპირისპირდა და მათი დაკავება დაიწყო.