აშშ-ის სპეციალურმა პროკურორმა ჯეკ სმიტმა სასამართლოს მიმართა, რომ არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიმართ სისხლის სამართლის ორ საქმეზე დევნა შეწყდეს. ფედერალურმა მოსამართლემ სპეცპროკურორი შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
სმიტის თქმით, საქმე უნდა დაიხუროს იუსტიციის დეპარტამენტის პოლიტიკის გამო, რომელიც მოქმედი პრეზიდენტის დევნას კრძალავს.
"იუსტიციის დეპარტამენტის პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ კონსტიტუცია მოითხოვს, რომ ეს საქმე შეწყდეს იქამდე, სანამ მოპასუხე უფლებამოსილებას შეუდგება", - თქვა სმიტმა და დაამატა, რომ ბრალდების მხარის პოზიცია არ შეცვლილა, შეიცვალა მხოლოდ გარემოებები.
სმიტი ტრამპის წინააღმდეგ ორ საქმეს ხელმძღვანელობდა - 2020 წლის არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობა და საიდუმლო დოკუმენტებთან მოპყრობა.
ტრამპის გუნდმა აღნიშნულს "კანონის უზენაესობის დიდი გამარჯვება" უწოდა.
2020 წელს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ტრამპის წინააღმდეგ 4 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. თუმცა მისმა ხელახალმა არჩევამ აღნიშნული საქმეების მიმართ კითხვის ნიშნებიც გააჩინა.
ნიუ-იორკის შტატში ე.წ. დუმილისთვის ფულის გადახდის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ტრამპი დამნაშავედ მაისში ცნეს, თუმცა სასამართლოს განაჩენი ამ დრომდე არ გამოუცხადებია.
კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე ეხება 2020 წლის არჩევნებზე ჯორჯიის შტატში შედეგების გაუქმების მცდელობას, თუმცა მისი განხილვაც იწელება.