logo
ENG



ფლანგვა: ოცნების დეპუტატის კომპანიას მერიასთან 3 პროექტი აქვს, ღირებულება ₾22 მლნ-ზე მეტია

27 ნოე 202420:44
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/27/rg154f3r62lbnbl.png

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ქართული ოცნების სიის მე-16 წევრს, BK Construction-ის დამფუძნებელსა და M2 ჯგუფის ყოფილი დირექტორის, შოთა ბერეკაშვილის კომპანიას თბილისის მერიასთან 3 მიმდინარე რამდენიმემილიონიანი პროექტი აქვს. იგულისხმება ავარიული სახლების პროექტი, რომელსაც ბერეკაშვილის 50%-იან მფლობელობაში არსებული კომპანია BK Construction ახორციელებს.

ფლანგვის დეტექტორის ცნობით, შპს “ბიქეი კონსტრაქშენი”-ს 100%-იან წილს შპს “ბიქეი ჰოლდინგი” ფლობს. თავის მხრივ, შპს “ბიქეი ჰოლდინგი”-ს 50%-იანი წილის მფლობელი შოთა ბერეკაშვილია, რომელმაც 26 ნოემბერს წილის მმართვლობა ცოლს, მაკა კვიციანს გადასცა.

"2024 წლის 24 ოქტომბერს თბილისის მერიამ საკუთარ ვებსაიტზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის პირველ მონაწილეებს ახალი ბინები გადაეცათ. საუბარია სამგორის რაიონზე, ვარკეთილის დასახლებაში, მესამე მასივის მე-7 კვარტლის მე-12 კორპუსში მცხოვრებ 36 ოჯახზე. 10-სართულიანი კორპუსის მშენებლობისთვის სახელმწიფო შესყიდვა ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდმა 2022 წლის სექტემბერში გამოაცხადა და ორ შეთავაზებას შორის გამარჯვებული “ბიქეი კონსტრაქშენი” აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ კომპანია კორპუსის მშენებლობისას 4-ჯერ დაჯარიმდა, ყველა შემთხვევაში შენობის კონკრეტული ნაწილის მშენებლობის ვადის გადაცილებისთვის. ჯამურად ჯარიმების რაოდენობამ 4,000 ლარი შეადგინა, რაც როგორც ატვირთული დოკუმენტებიდან ირკვევა, კომპანიამ გადაიხადა.

ამის შემდეგ “ბიქეი კონსტრაქშენმა” ავარიული სახლების პროექტის ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული კიდევ სამი სახელმწიფო შესყიდვა მოიგო, აქედან ორი სრულიად უკონკურენტო გარემოში, ერთში კი მოწინააღმდეგის დისკვალიფიკაციის ხარჯზე.

შოთა ბერეკაშვილის დეპუტატობის ვადის განმავლობაში მისი კომპანია თბილისის მერიის სამ პროექტზე იმუშავებს, რომლის პირველადი ჯამური ღირებულება 22 მილიონ ლარს აღემატება.

პარლამენტის რეგლამენტის მე-7 მუხლის თანახმად, დეპუტატს უფლება არ აქვს "უშუალოდ განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან/და საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებანი".

ვინაიდან, 2024 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს გაიმართა – ერთპარტიული პარლამენტი უკვე შეიკრიბა და დეპუტატების უფლებამოსილებაც ცნეს, შოთა ბერეკაშვილს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება შეეზღუდა. ამიტომ, მან 26 ნოემბერს შპს “ბიკეი ჰოლდინგი”-ს წილის მმართველობა მაკა კვიციანს გადასცა", - წერია ფლანგვის დეტექტორის განცხადებაში.


close დახურვა