ქართული ოცნების დეპუტატს ირაკლი ზარქუას სურს, საქართველოში გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის გაწვევის პროცედურა დაიწყოს. ის მოუწოდებს საგარეო საქმეთა სამინისტროს, "დაინტერესდეს ელჩის მოღვაწეობით".
ეს განცხადება მან გერმანიის ელჩის კრიტიკის პასუხად გააკეთა, რომელმაც გუშინ თქვა, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა გამოიწვია და ეს დიდხანს არ გაგრძელდება.
ამ განცხადების შეფასებისას მან თქვა, რომ ელჩს "ცოტა არეული აქვს თავისი უფლებამოვალეობები და დაბნეულია თავის ფუნქციამოვალეობებში".
"რაც შეეხება გერმანიის ელჩის განცხადებას, ვთვლი, რომ ეს ადამიანი ცოტა არეული აქვს თავისი უფლებამოვალეობები. მე მგონია, რომ ის რაღაც დაბნეულია თავის ფუნქციამოვალეობებში და დაკარგულია. მე მივმართავდი ბატონ ფიშერს, კარგად გაიაზროს თავისი უფლებამოვალეობები. მე მგონია, რომ ამ ტონალობაში დამოუკიდებელი ქვეყნის ხელისუფლებას არ უნდა ელაპარაკო. მითუმეტეს თქვენ, რომელიც დაგნიშნეს, ლეგიტიმაცია გაქვთ თუ არა, ეგეც არ ვიცი, იმიტომ რომ დაიშალა ის მთავრობა, რომელმაც დაგნიშნათ და თქვენ იმდენს ბედავთ, რომ შედიხართ პოლემიკაში და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებთ.
რაც შეეხება ეკონომიკის მიმართულებით, მაინც, რომ იცოდეთ, ეტყობა გამოგრჩათ ეს ნიუანსი, სწორედ თქვენმა მეზობლებმა აღმოსავლეთ ევროპიდან გადაასწრეს საქართველოს, მაგალითად, რუსეთთან ვაჭრობაში, ღვინის მიმართულებით, აი, იხილეთ აბა ლატვია და სხვა ქვეყნები. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ეს ორმაგი სტანდარტია და თქვენ თუ რადიკალების მომხრე ხართ, თქვენთვის შეინახეთ. თქვენს მანდატს ეს არ შეეფერება.
მინდა მივმართო საგარეო საქმეთა სამინისტროს, იქნებ დაინტერესდეს ამ ელჩის აქ მოღვაწეობით და მე ვისურვებდი, დავიწყოთ პროცედურა ამ ელჩის გაწვევის, იმიტომ რომ ის არ შეესაბამება იმ მანდატს, რა მანდატითაც აქ არის და არ მგონია, მან შეძლოს გერმანელი და ქართველი ხალხის ურთიერთობაში რაიმე პოზიტიურის შეტანა, პირიქით, მგონია, რომ ის მავნებლობს, არ ვიცი, რა დაკვეთა აქვს, ფაქტობრივად, იგივე როთია. როთი 2.
მინდა ამ ხალხს, ამ როთებს მივმართო - იმ მთავრობას, რომელმაც დაგნიშნათ, ჩამოშლილია, კოალიცია დაინგრა და თქვენ ლეგიტიმაცია არ გაქვთ ამ ტონალობაში რომ ელაპარაკებით 54%-ით არჩეულ მთავრობას. ამას არ გაგიტარებთ", - თქვა მან.