ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსი წევრი ჯიმ რიში და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ახლა დროა, აშშ-ის მთავრობის განკარგულებაში არსებული ყველა საშუალება, მათ შორის სანქციები, გამოიყენონ იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობას შეახსენონ - ქმედებებს შედეგები მოაქვს.
ერთობლივ განცხადებაში სენატორები აცხადებენ, რომ ქართველ ხალხს აქვს უფლება, იცოდეს, შეერთებული შტატები არ იქნება უმოქმედო ამ ვითარების გაუარესებისას".
ასევე, რიში და შაჰინი შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში განვითარებული სიტუაციით და მთავრობის მხრიდან მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობით.
"ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოში განვითარებული სიტუაციით, სადაც მშვიდობიან პროტესტს მთავრობის მხრიდან ძალადობრივი და აგრესიული ქმედებები მოჰყვა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ არაკონსტიტუციურად უგულებელყო ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებები და შეაჩერა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, რომელსაც მშვიდობიანი პროტესტის უფლება აქვს. აშშ-ის კონგრესში ქართველი ხალხის მიმართ ძლიერი ორპარტიული და ორპალატიანი მხარდაჭერაა და ჩვენ ვიმუშავებთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს მთავრობა და ის პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან არჩევნებში ჩარევაზე, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობასა და სხვა ქმედებებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ასუსტებს, პასუხისგებაში იქნებიან მიცემული"- ნათქვამია განცხადებაში.
სენატორები მოუწოდებენ სახელმწიფო დეპარტამენტს, მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად გამოხატოს თავისი პოზიცია მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების საკითხზე.
"ასევე, ვთხოვთ როგორც ამჟამინდელ, ასევე მომავალ ადმინისტრაციებს თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერას საქართველოში. ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ კარგი დასაწყისია, მაგრამ ახლა დროა, აშშ-ის მთავრობის განკარგულებაში არსებული ყველა საშუალება, მათ შორის სანქციები, გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობას შევახსენოთ, რომ ქმედებებს შედეგები მოაქვს. ქართველ ხალხს აქვს უფლება, იცოდეს, რომ შეერთებული შტატები არ იქნება უმოქმედო ამ ვითარების გაუარესებისას" - ნათქვამია განცხადებაში.