logo
ENG



დოდი ხარხელი: ყველაფერი წაიღეს - დავიწყებული ფლეშკა, მობილურები, სამუშაო ლეპტოპები

03 დეკ 202416:33
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/03/6ci4wq2y7v4zzkb.jpg

აქტივისტი დოდი ხარხელი, რომლის სახლის ჩხრეკაც პოლიციამ ცოტა ხნის წინ დაასრულა, ამბობს, რომ პოლიციამ წაიღო - ყველაფერი, მათ შორის დავიწყებული ფლეშკა, მობილურები, სამუშაო ლეპტოპები როგორც მისი, ასევე ქმრისა და შვილის.

მან გაიხსენა მომენტი, როდესაც შვილის საბავშვო ბაღში დატოვების შემდეგ რამდენიმე პოლიციელი მიუახლოვა. მისი თქმით, LIVE-ის ჩართვა გადაწყვიტა, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა, მათ შორის, იხსენებს, რომ ძალადობრივად გადაუგრიხეს ხელები.

დოდი ხარხელის თქმით, ყველაფერი რაც დღეს ხდება საქართველოში ერთადერთ რამესთანაა კავშირში - ყველაფერი კავშირშია პროცესთან, რაც მიდის ქუჩაში და დე ფაქტო ხელისუფლება ცდილობს, დააშინოს ყველა, ვინც ხმას იღებს.

 

"ყველაფერი, რაც დღეს ხდება საქართველოში არის ერთადერთ რამესთან კავშირში - ნებისმიერი მიზეზი, რაც არ უნდა იყოს, ყველაფერი არის დაკავშირებული იმ პროცესებთან, რაც ახლა მიდის ქუჩაში. ეს ყველაფერი ეხება იმ არაკანონიერ გადაწყვეტილებებს, რასაც იღებს ეს ქვეყანა, დე ფაქტო ხელისუფლება და ყველანაირად ცდილობს შეინარჩუნოს თავისი სტატუსი და ყველანაირად ცდილობს, დააშინოს ყველა, ვინც ხმას იღებს. აზრი არ აქვს, რა ეწერება ნებისმიერ ოქმში, მიზეზი ყველაფრის არის ერთი - ქუჩაში რომ გაჩერებს პოლიციელი, გზის გადაკვეთაზეც, მაგის მიზეზიც არის დღეს ერთადერთი, ეს მიზეზი არის რუსეთი.

ბავშვი დავტოვე ბაღში და გამოსვლისთანავე დამადგა რამდენიმე მამაკაცი, როდესაც მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა, გადავწყვიტე ტელეფონის LIVE ჩამერთო, თუმცა ამის საშუალება არ მომცეს, წამართვეს, ხელებიც ძალადობრივად გადამიგრიხეს და მერე დავიწყე ხმაური, სიგნალის მიცემა მანქანაზე და გამვლელებისთვის თხოვნა, რომ LIVE ჩაერთოთ. ამის შემდეგ ყველაფერი მოხდა ძალიან ზრდილობიანად - იქაც, შემდეგ რომ მოვედით უშუალოდ აქ, ჩხრეკის პროცესიც და ამის ერთადერთი მიზეზი, რომ ახლა არ მაქვს დაზიანებები, არის ის, რომ ეს ყველაფერი მოხდა საჯაროდ და არის ბევრი კამერის წინ. ეს არის ერთადერთი დაცვა, რაც მოქალაქეებს ახლა გვაქვს - მაქსიმალური საჯარობაა.

რაც შეეხება, რა წაიღეს - ყველაფერი. სადღაც გადავარდნილი, დავიწყებული ფლეშკა, მობილურები, ძველი მობილურები, მათ შორის, სამუშაო ლეპტოპები ჩემიც, ჩემი მეუღლისაც, ბავშვისაც. ჩვენ ძალიან ციფრული ოჯახი ვართ, შესაბამისად, ძალიან დიდხანს გაგრძელდა ჩხრეკა", - ამბობს ის. 

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დოდი ხარხელი დააკავეს. Facebook-ზე გავრცელდა ვიდეო, რომელის მიხედვითაც, დოდი ხარხელმა ბავშვი საბავშვო ბაღში დატოვა, შემდეგ კი ის პოლიციამ მანქანაში ჩასვა.

მანამდე, ლევან წიკლაურმა Facebook-ზე დაწერა, რომ დოდი ხარხელის სახლთან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მივიდნენ. 

მოგვიანებით, დოდი ხარხელი პოლიციამ სახლში მიიყვანა, სადაც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. 

ფორმულას შსს-ში უთხრეს, რომ აქტივისტი დოდი ხარხელი არ დაუკავებიათ. ამასთან, უწყებაში თქვეს, რომ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა არ აკონკრეტებენ, რა მუხლზეა საუბარი. 


close დახურვა