საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ საპროტესტო აქციებზე სპეც.რაზმელების მხრიდან მოქალაქეებზე თავდასხმის გამო, ადამიანის უფლებების დარღვევების მასშტაბურობის გათვალისწინებით, მიმდინარე მოვლენებმა შესაძლოა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიაღწიოს.
ქურდოვანიძე აღნიშნავს, რომ სახეზეა წამება სისტემური თავდასხმების სახით. ასევე, მისი თქმით, მოსახლეობას პოლიტიკური და დისკრიმინაციული ნიშნით დევნიან და სხვა არაადამიანური ქმედებები ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას.
"მზარდი რეპრესიებისა და ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევების მასშტაბების გათვალისწინებით, მიმდინარე მოვლენებმა შესაძლოა მიაღწიოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების მე-7 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ადამიანურობის წინააღმდეგ.
კერძოდ, სახეზეა წამება ჩადენილი სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ფართომასშტაბიანი სისტემური თავდასხმების სახით. ასევე, ჩადენილია სამოქალაქო მოსახლეობის პოლიტიკური და დისკრიმინაციული ნიშნით დევნა და მსგავსი ხასიათის სხვა არაადამიანური ქმედებები, რომლებიც იწვევენ მძიმე ტანჯვას, სხეულის მძიმე დაზიანებასა, ანდა, მძიმე ზიანს აყენებენ პირის ფსიქიკურსა და ფიზიკურ ჯანმრთელობას", - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
საია-ს ცნობით, ქვეყანაში დამოუკიდებელი მექანიზმი აღარ დარჩა, რომელიც აქციის მონაწილეების მიმართ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებდა.
"ამასთან, ქვეყნის შიგნით არ არის დარჩენილი დამოუკიდებელი მექანიზმი, რომელიც ამ დანაშაულებს სათანადოდ გამოიძიებდა. არსებული რეალობის გათვალისწინებით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განიხილავს, როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის მიმართვის, ასევე სხვა საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობას და შექმნის საკოორდინაციო ფორმატს, რომელში ჩართვის შესაძლებლობაც ექნება ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, ვინც დაზიანდა, შეუძლია დაგვიკავშირდეს და ამ ფაქტებთან დაკავშირებით", - განაცხადა საია-მ.