ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ის, რომ "არავითარი მტკიცებულება არ არსებობს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით". მან ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
კობახიძის მტკიცებით, "ოპოზიციამ ვერაფერი წარმოადგინა და ბოლოს დარჩნენ იმ მესიჯზე, რასაც ჰქვია გაჟონვა ბიულეტენიდან".
მისივე განმარტებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის ფარულობა არ დარღვეულა.
"რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა უმარტივესი ჭეშმარიტება - რომ არავითარი მტკიცებულება არ არსებობს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, რაც დევს ხელისგულზე. თვითონ ოპოზიციამ ვერაფერი წარმოადგინა და ბოლოს დარჩნენ იმ მესიჯზე, რასაც ჰქვია გაჟონვა ბიულეტენიდან, ამ დროს ეს გაჟონილი ბიულეტენიც კონვერტში იყო ჩადებული. სადაც ამომრჩეველი სწორად მონაწილეობდა პროცედურებში, არსად ხმის ფარულობა არ იყო დარღვეული. მთელმა ISFED-მა, რომელიც აკვირდებოდა 700 000 ამომრჩეველს, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაადგინა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 25 შემთხვევა.
ეს ბოლო არგუმენტიც აქვთ ხელიდან გამოცლილი. შესაბამისად, არავითარი საფუძველი არ ჰქონდა ამ სარჩელს და საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო უალტერნატივო გადაწყვეტილება, რამაც გამოიწვია რადიკალური ოპოზიციის იმედგაცრუება", - ირწმუნება კობახიძე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და პოლიტიკური პარტიების სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.
19 ნოემბერს არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით პარლამენტის 30-მა წევრმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა. ამავე დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც.