ოთხი ოპოზიციური კოალიციის ლიდერებმა ერთობლივ ბრიფინგზე თქვეს, რომ დღეიდან ამოქმედდება ოპოზიციის გაერთიანებული საინფორმაციო ცენტრი, რომელიც საზოგადოებას "მუდმივად მიაწვდის განახლებებს და შეფასებებს პოლიტიკური ოპოზიციისგან, რათა ჰქონდეთ ადეკვატური ინფორმაცია ყველაფერ იმაზე, რაც ხდება".
ბრიფინგზე კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა საზოგადოებას, პოლიციასა და ქართულ ოცნებას მიმართა. მან საჯარო სექტორში დასაქმებულებს დაუმორჩილებლობისკენ, ქართულ ოცნებას კი ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნისკენ მოუწოდა.
"ეს უკანონო რეჟიმი არის საკუთარი ლპობის ფინალურ სტადიაზე, ის ფაქტი, რომ ისინი ასე იქცევიან, ადასტურებს სწორედ იმას, რომ მათ, გარდა უხეში ფიზიკური ძალისა, აღარ დარჩათ სხვა რესურსი ხელისუფლების შესანარჩუნებლად. ამასთან, უამრავი პატიოსანი და პატრიოტი საჯარო მოხელე ემიჯნება ამ ყველაფერს და უარს ამბობს მიიღოს მონაწილეობა იმ დანაშაულებრივი პოლიტიკის განხორციელებაში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის პარტია ეწევა. [...]
მე მინდა მივმართო პოლიციას, სამართალდამცავებს და ვუთხრა, რომ თქვენი, პოლიციის ფიცი გულისხმობს იმას, რომ თქვენ უნდა დაიცვათ კონსტიტუცია, დემოკრატია და ადამიანის უფლებები და არა რომელიმე ერთი პარტია. ნუ მიიღებს მონაწილეობას არალეგიტიმური რეჟიმის უკანონო ბრძანებების განხორციელებაში, ნუ მიიღებთ მონაწილეობას ქართველი ახალგაზრდების დასახიჩრებასა და რბევაში. ამისათვის არ ხართ თქვენ პოლიციაში, თქვენ ხართ იმისთვის, რომ შეასრულოთ კანონი და კანონის უზენაესობა.
მინდა ყველას მოვუწოდო დაუმორჩილებლობისკენ, განსაკუთრებით მათ, ვინც მუშაობენ საჯარო სექტორში. არ შეიძლება ამ რეჟიმს გადავაყოლოთ ეს ქვეყანა. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას, მინდა კიდევ ერთხელ მივმართო მათ - ყველაზე კარგი და ალბათ ერთადერთი პოლიტიკური გამოსავალი ამ ვითარებიდან არის ახალი არჩევნების დანიშვნა და მოგიწოდებთ, რომ ეს გააკეთოთ, რაც შეიძლება მალე", - თქვა ლევან ცუცქირიძემ.
ბრიფინგზე საჯარო მოხელეების გაფიცვაზე ისაუბრა გახარია საქართველოსთვის წევრმა თეონა აქუბარდიამ და თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა მათი კანონიერი უფლებები არ დაირღვეს.
"გრძელდება საჯარო მოხელეების წინააღმდეგობა და კონსტიტუციის დაცვა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოხელეების კანონიერი უფლებები არ დაარღვიოს უზურპატორმა ხელისუფლებამ და თბილისის მერის, კალაძის განცხადებაც ამის მანიშნებელი იყო. ამიტომ საჯარო მოხელეების სამართლებრივი დაცვა იქნება ჩვენი მნიშვნელოვანი საქმიანობის ნაწილი", - თქვა მან.