ქვეყანა მიტაცებული აქვთ ნიღბიან სადისტებს და უნიღბო პოლიტიკურ ბანდიტებს. პოლიცია ზონდერების ესკორტად არის ქცეული, ოცნების მედიები რუსული ჰიბრიდული ომის სამარცხვინო ინსტრუმენტები არიან.
სისასტიკით, დაუნდობლობით, უკანონობით, მომწამვლელი გაზით გაჟღენთილი ქალაქის ცენტრში თბილისის ისტორიაში ყველაზე არათბილისური ქცევის, უკულტურო, უზრდელი, გაუნათლებელი, კორუმპირებული და ცინიკოსი მერი ნაძვის ხეს დგამს ,"გამარჯვებული ქალაქის" საახალწლო ლოზუნგით, რომელზეც დარბეული, ნაცემი, ნაწამები ახალგაზრდობის, დაჭერილი და რეპრესირებული პროტესტანტების, სასიკვდილოდ გამეტებული და მხოლოდ ღმერთის ნებით გადარჩენილი ჟურნალისტების, ოპერატორების და ფოტოგრაფების სურათებია გამოფენილი.
ეს რეალობა ვერაფრით ჩანაცვლდება. რუსთაველზე კი არა - ყველაზე პატარა ქალაქისა თუ სოფლის თავზე აფეთქებული ერთი საახალწლო შუშხუნაც კი საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ, უწყვეტ და თავდადებულ, საყოველთაო ეროვნულ პროტესტს ანათებს და სიბნელისა და ზნეობრივი სიმახინჯის უფსკრულიდან სააშკარაოზე გამოჰყავს ოცნების რუსული ექსპერიმენტის შედეგად დეგრადირებული საზოგადოებრივი უჯრედები, რომლის მკურნალობასაც ბევრი დრო და ისევ მსხვერპლგაღებული, ნაცემ-ნაგვემი ხალხის მიერ გამოვლენილი მიტევება დასჭირდება.
ბაშარ ალ ასადმა სირია ისე დატოვა, რომ ამის შესახებ მისი ავტოკრატიის კლიენტურამ უცხოური მედიით გაიგო, რუსებმა კი ბაზების ევაკუაცია ამერიკელების , ბრიტანელების და ისრაელის დახმარებით შეძლეს. ასე დაემართება ოცნების მოკავშირე ყველა დიქტატურას, რომელიც საქართველოს მთლიანობას და სახელმწიფოებრიობას არ აღიარებს. რუსებს საცეცებს აჭრიან ყველგან, სადაც ფესვების ხელახლა გადგმას ცდილობდა. რუმინეთში საკონსტიტუციო სასამართლომ, სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით რუსული და ჩინური ჩარევის ფაქტების გამომზეურების შედეგად არჩევნების შედეგები გააუქმა და და ხელახალი არჩევნები დანიშნა.
პრეზიდენტი ზურაბიშვილი არჩეულ პრეზიდენტ ტრამპს ხვდება და საქართველოს ხალხის მიმართ შეერთებული შტატების მხარდაჭერის და მეგობრობის გაგრძელების გზავნილი მოაქვს.
ხალხი კი შეუპოვრად, დაუღლელად, თავდადებით იბრძვის და ამ ბრძოლაში იმდენ გმირულ მაგალითს გვაჩვენებს, რომ ხვდები - გამარჯვება გარდაუვალია! მომავალი ბნელ წარსულზე რომ გაიმარჯვებს!