სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი კვლავ ამბობს, რომ "პოტენციურ სანქციებზე" წინასწარ არ საუბრობს და მიუთითებს სახელმწიფო მდივნის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლების ცვლილების საპასუხოდ "აშშ გამოიყენებს ყველა ინსტრუმენტს, რომელიც მათ ხელშია, მათ შორის, ახალ სანქციებს".
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი არ აკონკრეტებს, რა სახის სანქციები იქნება გამოყენებული აშშ-ის მხრიდან და ვის შეეხება ისინი.
"როგორც თქვენ იცით, ჩვენ არ ვისაუბრებთ არანაირ პოტენციურ სანქციებზე, რომლებსაც დავუწესებთ საქართველოს ოფიციალურ პირებს ან კონკრეტულ პირებს საქართველოს შიგნით. ჩვენ ნათლად ვთქვით, რომ ღრმა შეშფოთება გვაქვს საქართველოს ხელისუფლების მიმართულების ცვლილებასთან დაკავშირებით. თქვენ ნახეთ სახელმწიფო მდივნის განცხადება გასულ კვირას, სადაც მან ნათლად თქვა, რომ გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რომელიც ჩვენს ხელშია, მათ შორის ახალ სანქციებს - რა სახის იქნება ისინი და ვის დაუწესდება, უნდა დაელოდოთ სანამ გამოვაცხადებთ", - ამბობს მეთიუ მილერი.
5 დეკემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განცხადებით გამოეხმაურა, მან დაგმო "სასტიკი და გაუმართლებელი ძალადობა საქართველოს მოქალაქეების, პროტესტის მონაწილეების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ" და ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებაზე, მათ შორის დამატებითი სანქციების დაწესებაზე მიუთითა.