logo
ENG



ამბები, რომლებიც დღეს უნდა იცოდე: 12 ოქტომბერი, 2019

12 ოქტ 201911:03
3 წუთის საკითხავი
clock 1321
33w1wk25e2jd8e2.jpg

ტაიფუნი იაპონიაში

 

იაპონიაში ტაიფუნი მძვინვარებს. ქვეყნის სანაპირო ზოლში ტალღები და ქარი გუშინ უფრო და უფრო ძლიერდებოდა.

სტიქიის მოლოდინმა 11 ოქტომბერს გამოიწვია პანიკა ქვეყნის მასშტაბით. სასურსათო მაღაზიებში აღარ არის საჭმელი, წყალი და სხვა ყოველდღიური საჭიროების ნივთები.

მოსალოდნელი სტიქიის გამო გადაიდო იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიოს თასის ორი მატჩი, რომლებიც 12 ოქტომბერს უნდა გამართულიყო. ასევე, გაუქმდა იაპონიის სარკინიგზო და საჰაერო რეისების დიდი ნაწილი.

ტაიფუნს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც და იაპონიაში მყოფ ქართველებს მოუწოდა, თავი შეიკავონ გარეთ გასვლისგან. სტიქიასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებისთვის საგარეო უწყებამ იაპონიაში ცხელი ხაზიც აამოქმედა: +81 70 31805601.

 

ყოფილი ცოლის მკვლელობა ხაშურში

 

პოლიციამ დღეს დილით დააკავა კაცი, რომელმაც 11 ოქტომბერს ყოფილ ცოლს ცეცხლსასროლი იარაღით თავში ჭრილობა მიაყენა. ნათია გაგოგოლაძე ხაშურის საავადმყოფოში გარდაიცვალა, მიყენებული ჭრილობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ხელყუმბარა სავარაუდო დამნაშავემ ცოლს მაღაზიაში შეუგდო, თუმცა კაცმა ნათია გოგოლაძეს მას შემდეგ ესროლა, რაც ხელყუმბარა არ აფეთქდა. შსს-მ აღნიშნული ნივთი ადგილიდან უკვე ამოიღო და შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

IDFI-ის მონაცემებით, 2013-2018 წლებში ოჯახში ძალადობას 89 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 2019 წელს, სექტემბერში ქმარმა ცოლი თელავშიც მოკლა; ბოლნისის სოფელ თამარისში კი მსგავს შემთხვევას ქალის სიცოცხლე ამავე წლის 4 ივნისს ემსხვერპლა.

 

თანაშემწეზე ძალადობაში ბრალდებული დეპუტატი

 

გრძელდება სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული უმრავლესობის დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის და მისი თანაშემწის, თამთა თოდაძის საქმე.

11 ოქტომბერს პროკურატურამ დეპუტატს აღმკვეთი ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა. პროცესი კლინიკაში გაიმართა, სადაც რამდენიმე დღეა ჯიშკარიანია მოთავსებული.

პროკურატურამ განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილიდან არაა ამოღებული მობილური ტელეფონი და ამაზე გამოძიება მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც ჯიშკარიანისთვის აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს გადახდის ფაქტი გახდა ცნობილი, მისმა ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა მედიასთან თამთა თოდაძის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ დაზარალებული შემთხვევის დღეს, ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა.

დეპუტატის ადვოკატმა თოდაძის წინააღმდეგ სხვა შესაძლო სისხლის სამართლის საქმეებიც ახსენა და თქვა, რომ მას სასამართლოში წარადგენს.

„იმის მაგივრად, რომ პროკურატურა მიცავდეს, იცავს ჯიშკარიანის ინტერესებს. იმედგაცრუებული ვარ, თუმცა ბრძოლას არ ვწყვეტ”, - ასე გამოეხმაურა თამთა თოდაძე პროკურატურასა და ჯიშკარიანის ადვოკატს.

თამთა თოდაძემ მომხდარზე მთავარი არხის ეთერში 6 ოქტომბერს ისაუბრა ღიად. 7 ოქტომბერს პროკურატურასთან მისი მხარდამჭერი აქციაც გაიამართა. 8 ოქტომბერს პროკურატურამ ილია ჯიშკარიანს ბრალი წარუდგინა და თამთა თოდაძე კი დაზარალებულად ცნო.

 

ვითარება დავით გარეჯში

 

დღეს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ისევ ჩაკეტილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი გახარიამ აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ გადაადგილებასთან დაკავშირებული მოქმედი შეზღუდვები მოიხსნება.

პრემიერი ილჰამ ალიევს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ დავით-გარეჯში გზა 11 ოქტომბრიდან მხოლოდ სასულიერო პირებისთვის გაიხსნებოდა. შეხვედრას წინ უძღოდა საქართველოს პატრიარქის წერილი.

„ვითხოვთ, ვიდრე დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი არ დასრულებულა, აღდგეს აქამდე არსებული სტატუს-კვო და სასულიერო პირებს და ჩვენი ქვეყნის კულტურის გაცნობისათვის ჩამოსულ ტურისტებს არ შეექმნათ პრობლემა უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონახულებაზე,“ - აღნიშნული იყო წერილში.

2019 წლის აპრილის ბოლოს აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მიმსასვლელი გზა რამდენიმე დღის განმავლობაში ჩაკეტილი ჰქონდათ. მონასტრამდე არ უშვებდნენ როგორც ტურისტებს, ისე სასულიერო პირებს. საქართველოს მოქალაქეებმა ადგილზე რამდენიმე ფართომასშტაბიანი აქცია გამართეს, თუმცა ვითარება დავით გარეჯში არ შეცვლილა.

უვადო მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენა

 

პარლამენტში იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა კვლავ მიმდინარეობს. ვლადიმერ კაკაბაძეს, რომელიც სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა, 11 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, თინა ბოკუჩავას შეკითხვაზე მოუწია გაეცა პასუხი. ბოკუჩავამ მას ჰკითხა, არსებობს თუ არა "კლანური" გავლენები და კორუფცია სასამართლო სისტემაში.

"სასამართლოში არავითარი „კლანი“ და კლანური გავლენა არ არსებობს. კორუფცია ხომ საერთოდ ფანტასტიკის სფეროს მიღმაა“, - განაცხადა მოსამართლეობის კანდიდატმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა 23 სექტემბერს დაიწყო. ვლადიმერ კაკაბაძის გარდა, პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში უკვე მოუსმინეს რამდენიმე უვადო მოსამართლეობის კანდიდატს: შოთა გეწაძეს, მერაბ გაბინაშვილს, თამარ ალანიას, მირანდა ერემაძეს, მამუკა ვასაძეს, მაია ვაჩაძეს, თამარ ზამბახიძეს, შალვა თადუმაძეს და ზაზა თავაძეს.

თადუმაძის დიპლომი

 

კვლავ გრძელდება შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით დისკუსიები. 11 ოქტომბერს, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა, თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით უკვე მიმართა განათლების სამინისტროს ხარისხის ცენტრს.

თადუმაძის დიპლომში წერია, რომ მან ნოდარ დუმბაძის სახელობის ინსტიტუტში სწავლა დაიწყო 1993 წელს, ხოლო თავად სასწავლებელი 1994 წელს დაარსდა. ამავდროულად, „ფორმულამ“ მოიპოვა თადუმაძის კიდევ ერთი დიპლომი, სადაც ნათქვამია, რომ თადუმაძე 1994-1998 წლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა.

გენერალური პროკურორისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის დიპლომის საკითხი პარლამენტის იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე გახდა განხილვის საგანი, სადაც შალვა თადუმაძეს უსმენდნენ.

ოპოზიცია თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნასა და საკითხის გარკვევამდე მისი გენერალური პროკურორის პოსტიდან გადადგომას ითხოვს.

 

                                                                                    ევრო 2020: საქართველო VS ირლანდია

 

დღეს ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მორიგი შეხვედრები გაიმართება; 17:00 საათზე, დინამო არენაზე, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდება, რომელიც D ჯგუფს 11 ქულით ლიდერობს.

მატჩამდე ბოლო ვარჯიში ნაკრებებმა გუშინ გამართეს. ვლადიმირ ვაისის გუნდის საწვრთნელი პროცესი მთელი კვირის განმავლობაში ს.კ. ზესტაფონის ბაზაზე მიმდინარეობდა. 11 ოქტომბერს გამართულ ვარჯიშს, რომელშიც 23 ფეხბურთელი იყო ჩართული, მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს ნაკრების სლოვაკმა მწვრთნელმა მზადების ხუთდღიანი მონაკვეთი და მომდევნო ირლანდიასთან გასამართი მატჩი ასე შეაფასა:

"ირლანდია კარგი გუნდია, რომელსაც გამოცდილი მწვრთნელი ჰყავს და ხარისხი მან დღემდე გამართულ შეხვვედრებში უკვე აჩვენა. რა თქმა უნდა, ხვალინდელი შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ დარჩენილი მატჩები ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრისთვის მოსამზადებელი ეტაპიცაა. იქ წარმატება კი ყველას ოცნებაა".

საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემოიონატის შესარჩევი ციკლის D ჯგუფში ამ დრომდე 3 წაგება, 1 ფრე და 1 მოგება აქვს. ვაისის გუნდი 4 ქულით ჯგუფში მხოლოდ გიბრალტარს უსწრებს, რომელმაც ყველა შეხვედრა წააგო.

 

თურქეთის ოპერაცია სირიაში

 

მესამე დღეა სირიის ჩრდილოეთ რეგიონში მიმდინარეობს თურქეთის სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით “მშვიდობის წყარო”. ბი-ბი-სის ბოლო ინფორმაციით, სამხედრო მოქმედებებს 11 სამოქალაქო პირი და ათობით ქურთი მებრძოლი ემსხვერპლა. თურქეთის ოფიციალური წყაროები ადასტურებენ ერთი თურქი ჯარისკაცის გარდაცვალებასაც. ათობით ათასი სირიელი იძულებული გახდა საკუთარი სახლი მიეტოვებინა.

თურქეთის შეიარაღებული ძალები სირიის ჩრდილოეთ რეგიონში 9 ოქტომბერს მას შემდეგ შევიდა, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკის სამხედრო ძალები სრულად გაიყვანა ტერიტორიიდან. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, სამხედრო ოპერაცია მიზნად თურქეთ - სირიის საზღვარზე მშვიდობის კორიდორის შექმნას ისახავს, ხოლო თუ ამ ოპერაციას დასავლეთი „შეჭრად“ შეაფასებს, ის მზადაა 3.6 მილიონ სირიელ მიგრანტს ევროპისკენ გზა გაუხსნას.

სამხედრო მოქმედებებს ტვიტერის საშუალებით გამოეხმაურა დონალდ ტრამპიც. აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, მას სამი არჩევანი აქვს: გაგზავნოს ათასობით სამხედრო და გაიმარჯვოს სამხედრო გზით, დაარტყას თურქეთს ძალიან მძიმედ ფინანსურად და სანქციებით, ან გახდეს მედიატორი თურქეთსა და ქურთებს შორის.

 

 


close დახურვა