სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მანაგაძე გუშინ ღამით ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ინფორმაციას მისი ადვოკატი, მარიამ პატარიძე ადასტურებს.
როგორც ცნობილია, მანაგაძე იმ დროს დააკავეს, როდესაც ის მშვიდობიანი აქციიდან სახლში ბრუნდებოდა.
ადვოკატის განმარტებით, დაკავების დროს მასთან ერთად კიდევ ერთი პირი, ნიკა კალანდაძე იმყოფებოდა, რომელიც ასევე დააკავეს. მისივე თქმით, ორივე მათგანი დიღომში, მესამე იზოლატორში არიან გადაყვანილები.
"ნიკოს მიმათ განხორციელდა არა დაკავება, არამედ გატაცება. ფიზიკურად დააკავეს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ნიღბიანმა პირებმა. მასთან შევიდა ერთ-ერთი პირი და უხეშად ეუბნებოდა, თუ რატომ დადის აქციებზე და როდემდე აპირებს ასე გაგრძელებას. ნიკოს პასუხი უკვე იზოლატორიდან არის, რომ ის არ აპირებს დანებებას და არის მხნედ", – წერს პატარიძე სოციალურ ქსელში.
ცნობილია, რომ ნიკო მანაგაძის საქმეზე მოსამართლე ხვალ იმსჯელებს.