logo
ENG



სახ.დეპი: გვაქვს სხვა სანქციებიც, რომელთა გამოცხადებასაც უახლოეს კვირებში ვგეგმავთ

16 დეკ 202423:28
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/16/any0igi0rktdzra.jpg

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი ამბობს, რომ საქართველოსთან მიმართებით ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს დამატებითი სანქციებიც, რომლებსაც უახლოეს კვირებში წარადგენს.

ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს ბრიფინგზე ჰკითხეს. მან კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება "ქართული დემოკრატიის მდგომარეობაზე".

"ჩვენ ძალიან ვართ შეშფოთებული ქართული დემოკრატიის მდგომარეობით. ქმედებებით, რომლებიც ქართულმა ოცნებამ განახორციელა დემოკრატიისთვის ძირის გამოსათხრელად. თქვენ ნახეთ, რომ პარასკევს 20 ახალი სავიზო შეზღუდვა დავაწესეთ მათ წინააღმდეგ, ვინც მთავრობასთან არიან კავშირში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყანაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე.

ჩვენ გვექნება სხვა ქმედებები, რომლებიც მზად ვართ, უახლოეს კვირებში განვახორციელოთ. როგორც განცხადებაში ნათლად ვთქვით, ჩვენ გვაქვს სხვა სანქციებიც, რომელთა გამოცხადებასაც უახლოეს კვირებში ვგეგმავთ. 

იმაზე უფრო მკაფიო ვერ ვიქნებით, ვიდრე იყო მათ შორის მდივან ბლინკენის განცხადება ერთი კვირის წინ და ჩემი განცხადება პარასკევს, რომ დამატებითი სანქციების პაკეტს ვამზადებთ, რომელსაც უახლოეს კვირებში გამოვაქვეყნებთ. ეს არ არის ის, რისი გაკეთებაც ერთ ღამეში შეიძლება, უნდა დარწმუნდე, რომ ამას კანონის შესაბამისად აკეთებ და სწორედ ამაზე ვმუშაობთ ახლა, საუბრის მომენტშიც კი", - თქვა მეთიუ მილერმა. 

13 დეკემბერს აშშ-მა 20-მდე ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. სახელმწიფო მდივნის განცხადების თანახმად, სავიზო შეზღუდვები შეეხება ქართული ოცნების მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავი და უშიშროების ორგანოების წარმომადგენლებსა და ასევე, ინდივიდუალურ პირებს. 


close დახურვა